ოკუპირებული ახალგორიდან 6 თვის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებული ახალგორიდან 6 თვის წინ – 2014 წლის 9 ივნისს გაუჩინარებული 19 წლის დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განუცხადა, დავით ბაშარულის ცხედარი ახალგორის სოფელ დოლიანის მიმდებარე ტერიტორიასთან იპოვეს.
მისივე თქმით, გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის ცხინვალის პროზექტურაშია გადასვენებული.
„დავით ბაშარაულის ცხედარი ახალგორის რაიონის სოფელ დოლიანის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ცხედარი ცხინვალის პროზექტურაშია გადასვენებული. „ცხელი ხაზისა“ და ევროკავშირის მისიის მხარდაჭერით, ახალგაზრდას ცხედრის ქართული მხარისთვის გადმოსაცემად მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განუცხადა “კვირას“ შალვა ენუქიძემ.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.
ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ვარაუდობს, რომ 19 წლის ახალგაზრდა ე.წ. მილიციას შემოაკვდა და მას ამ დრომდე მალავდნენ.
“ნაპოვნი მამაკაცი სავარაუდოდ, 5 თვის წინ გაუჩინარებული დავით ბაშარულია იმიტომ, რომ მის გარდა არავინ დაკარგულა. ეს ადამიანი ოკუპირებულ ახალგორში კომუნალურ სამსახურში მუშაობდა. ის დააკავა ე.წ. პოლიციამ და შენობიდან გამოსული აღარავის უნახავს, ოჯახში არ დაბრუნებულა. თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის მოკლეს ან ცემის დროს შემოაკვდათ, რაც ახალგორში ახალი არაა. შესაძლებელია ეს ადამიანი გარკვეული პერიოდი სადმე იყო დამარხული და ახლა მიიტანეს იმ ადგილზე, იმიტომ, რომ გვამი სადაც აღმოაჩინეს, ის ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოსაა და შეუძლებელია 5 თვის განმავლობაში ჩამომხრჩვალი ადამიანი ვერავის შეენიშნა”, – განაცხადა თინიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები