რატომ მოხდა დაპირისპირება პარლამენტში – პეტრე მამრაძე “ნაციონალების ჩანაფიქრს” ახმოვანებს

  აკაკი ბობოხიძეს „ნაცებმა“ რაც დაავალეს, შეასრულა. ეგ ხომ ყველაფერს ანგარებით აკეთებს“, – ასე ეხმაურება ედუარდ შევარდნაძის დროინდელი მთავრობის კანცელარიის უფროსი საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ფიზიკურ დაპირისპირებას.
როგორც „კვირას“ პეტრე მამრაძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს სათავისოდ გამოიყენებს.
ამასთან, პეტრე მამრაძე, მომხდარ ფაქტს ამაზრზენად მიიჩნევს.
„ეს იყო ამაზრზენი რამ, რაც მოხდა. ეს საქართველოს „ლექის აღზევების“ შედეგია. დარბაზში ისეთი ადამიანები არიან შეკრებილები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივ პოლიტიკას არ შეესაბამებიან. აკაკი ბობოხიძეს გაუვიდა პროვოკაცია. ის რაც, „ნაცებს“ ჩაფიქრებული ჰქონდათ და რაც დაავალეს ტრადიციულად ბობოხიძეს, მან შეასრულა. ახლა ამ კადრებს „ნაცები“, მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ყველგან გამოიყენებენ, რომ უმცირესობაში ვართ პარლამენტში და არა მარტო პოლიტიკურად გვდევნიან, არამარტო აპატიმრებენ ჩვენს თანაგუნდელებს, არამედ პარლამენტში გვცემენ და ვინც ხმას ამოიღებს, უმრავლესობა ამ ფორმით გვისწორდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბობოხიძე პარლამენტში არაფერს აკეთებს, რაც დაავალეს ის გააკეთა. რასაც ბობოხიძე აკეთებს, ყველაფერი ანგარებაა. დაავალეს და ანგარებით შეასრულა“, – აცხადებს პეტრე მამრაძე.
ყოფილმა პარლამენტარმა „კვირასთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ გაიხსენა, თუ როგორ გაუსწორდა რამდენიმე წლის წინ მას აკაკი ბობოხიძე.
„მაშინ სიტყვით გამოვდიოდი და სხვათაშორის, სააკაშვილის სამხედრო პოლიტიკურ ავანტიურაზე ამერიკელი სენატორების ტექსტს ვციტირებდი, რაც მან 2008 წელს ჩაიდინა. სააკაშვილს ომი კი არ დაუწყია, ეს ლაჩარი ომს როგორ დაიწყებდა… თან საკუთარ ტერიტორიაზე, მაგრამ ვსაუბრობდი სამხედრო პოლიტიკურ ავანტიურაზე. ამ დროს ჩემსკენ გამოექანა აკაკი ბობოხიძე უწმაწური გინებით, შემდეგ მომმვარდა და უკნიდან საფეთქელში ხელი დამარტა. მე თავიც კი, არ მივატრიალე და ვაგრძელებდი ჩემს გამოსვლას. მერე მიკროფონიც გამომირთეს, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი სიტყვით გამოსვლას. სხვათაშორის, აკაკი ბობოხიძის სახელი არც კი მიხსენებია. ხაზს ვუსვამ, სიტყვით გამოსვლისას, მაშინ, არ ვიკადრე და ხელი არ გავისვარე ამ არაკაცზე. სხვათაშორის, მერე ბევრი მადლობა დავიმსახურე, რომ ამ არაკაცზე ხელი არ გავისვარე და თავი არ გავუყადრე. ვერ გეტყვით, რომ გუშინ აკაკი ბობოხიძე მაგრად გალახეს, ვნახე კადრებში, რომ იგი მშვენივრად იდგა და კომენტარებს აკეთებდა. გალახული კაცი მაინც სულ სხვაა“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 დეკემბერს, პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რამაც დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო. მანდატურები ვერ ახერხებდნენ მათ გაშველებას, პარლამენტის თავმჯდომარემ კი სხდომა რამდენიმე წუთით გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები