პოლიტპატიმართა საქმეების შესწავლის მიზნით საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია იქმნება

  არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ინიციატივით, პოლიტპატიმართა საქმეების შესწავლის მიზნით საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია იქმნება,- ამის შესახებ უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისი განმარტებით, პოლიტპატიმრებთან და სხვა რეპრესირებულებთან დაკავშირებით სამართლიანობა არ აღმდგარა ან ნაწილობრივ აღდგა. უფლებადამცველმა ყველა დაინტერესებულ პირს აღნიშნულ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. ჩხარტიშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ განცხადებები კეთება საკმარისი არ არის.
მისივე თქმით, საჭიროა ხელისუფლება პოლიტპატიმრებს რეაბილიტაციაში დაეხმაროს, გამოავლინოს მათ დაკავებაში ბრალეული პირები და აღდგეს სამართლიანობა.
„პოლიტპატიმრებთან და სხვა რეპრესირებულებთან დაკავშირებით სამართლიანობა არ აღმგარა ან ნაწილობრივ აღდგა. ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ მომავალში მსგავსი შემხვევები არ მოხდეს. ასეთი შემთხვევები დღესაც ხდება და ვფიქრობ რომ ამის ნათელი დადასტურებაა კვიციანის შემთხვევა. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც აქვს სურვილი ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისია, რომელიც რეპრესირებულთა საქმეებს შეისწავლის. ამ კომისიაში მონაწილეობისაკენ ჩვენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და კერძო პირებს მოვუწოდებთ, რათა ეს კომისია იყოს მიუკერძოებელი და არ იყოს რომელიმე მხარის ინტერესები გატარებული“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
კომისიის ერთ-ერთი წარმომადგენლის არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების მარშალის“ ხელმძღვანელის უტა სტეფანიშვილის განცხადებით, კომისია ყველა იმ ადამიანის განცხადებას და საქმეებს შეიწავლის, რომელიც თავს რეპრესირებულად მიიჩნევს.
„ჩვენ ამ საქმეებს გავასაჯაროვებთ და შესაბამისი სტრუქტურებიდან პასუხებს მოვითხოვთ . ჩვენი კომისია ხელისუფლების მიერ პროკურატურასთან შექმნილი უკანონოდ ჩამორთმეულ ქონების დაბრუნების საკითხზე სპეციალური დეპარტამენტის ერთგვარი საპირწონე იქნება“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში უტა სტეფანიშვილმა.
კომისიაში მონაწილეობს ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციაც. როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ კომისიის მუშაობა ეფექტური იქნება.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი კომისიის დასკვნები პროფესიონალი ადამიანების მიერ იქნება შედგენილი, ეს ადამიანები კი უშუალოდ ფოკუს ჯგუფებში იმუშავებენ.
პატიმრობის შემდეგ რეაბილიტაციაში დამხარებას ითხოვს ყოფილი პოლიტპატიმარი იოსებ ჯანდიერი. როგორც ჯანდიერმა „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მან ნასამართლეობის მოხსნის თხოვნით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიმართა, თუმცა მისი განცხადებით, ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები