მიროტაძე ბობოხიძის ბილწსიტყვაობაზე: ხელფასის დაკავება არაფერია, ერთი თვე უნდა აეკრძალოს პარლამენტში შემოსვლა

„მარტო ფულადი სანქცია საკმარისი არ არის, დეპუტატების მიმართ ასეთი აგრესიული ქმედების დროს უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს“ – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ გააკეთა. როგორც უმრავლესობის წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის სხდომაზე ჩხუბისა და ბილწსიტყვაობის კომენტირებისას განაცხადა, ასეთი საქციელის დასჯისთვის გინდ ერთი და გინდ ათი დღის ანაზღაურების დაკავება საკმარისი არის. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სანქციები პარლამენტართა მიმართ უნდა გამკაცრდეს და გუშინდელი შემთხვევის გამო დეპუტატს პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში მისვლა და საპარლამენტო ცხოვრებაში რაიმე მონაწილეობა უნდა აეკრძალოს.
„მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას იმ პროცესებისთვის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში განვითარდა. მესმის კარგად, რომ ნერვული ფონი იყო ძალიან მაღალი, მაგრამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახეს, მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ასეთი მწვავე ფორმით არ ყოფილა, თუმცა, ამ პარლამენტის შექმნის დღიდან ხშირად არის ხოლმე დაძაბული ვითარება ჩვენსა და ჩვენს ოპონენტებს შორის, რომელიც ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებაში აისახება. მეც და ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა ვფიქრობთ, რომ ის სანქციები, რომელიც დღეს არის გათვალისწინებული, საკმარისი არ არის. გუშინ საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბობოხიძეს შეიძლება დაუკავდეს ერთი დღის ხელფასი. ერთი დღის დაუკავდება თუ ათის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ბევრად უფრო განსხვავებული უნდა იყოს სანქცია. მგონია, რომ ადამიანს რომელიც პროვოკაციაზე მიდის და მუშტებზე იყურება პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში მისვლა და საპარლამენტო ცხოვრებაში რაიმე მონაწილეობა უნდა აეკრძალოს. მაღალი ლეგიტიმაციისა და პასუხისმგებლობის მქონე პირს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული რომ მისი ქმედება კონტროლიდან არ უნდა გამოდიოდეს“, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩხუბი უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რამაც დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო. მანდატურები ვერ ახერხებდნენ მათ გაშველებას, პარლამენტის თავმჯდომარემ კი სხდომა რამდენიმე წუთით გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები