“მთავრობაში საგანგებო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რატომ არავინ მიდიოდა სტრასბურგში აღმასრულებელი ხელისუფლებიდან“

მთავრობის შიგნით საგანგებო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ის, თუ რატომ არავინ მიდიოდა სტრასბურგში აღმასრულებელი ხელისუფლებიდან – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. ალასანია ფიქრობს, რომ სავარაუდოდ საქმე ყურადღების და კვალიფიკაციის დეფიციტთან გვაქვს.
“ეს საკითხი თავად მთავრობის შიგნით საგანგებო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. როცა ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტის რატიფიკაციას ახდენს ევროკავშირი და ხვდება და იცის, რომ მოუმზადებელი, სწრაფი გადაწყვეტილებით ჩამოდის დელეგაცია, ეს იმოქმედებს ჩვენს იმიჯზეც. ბუნებრივია, ეს იმოქმედებს იმ განწყობაზე, რომელიც შეიქმნა და ყალიბდება საქართველოს მიმართაც”, – განაცხადა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიამდე “რეაქციას“ დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტუმრობდა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სტრასბურგში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესზე გამგზავრება სწორედ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ყოფილ პრეზიდენტს არ ჩაებარებინა.
“ვიმყოფებოდი ვიზიტით. ჩამოვედი და გავიგე, რომ სტრასბურგში არავინ მიდის. ეს იყო ის რეალობა, რომელიც მე გავიგე ჩვენი არხებით. არ ვიცი, რატომ არ მიდიოდა არავინ, მაგრამ მე ნამდვილად ვიცოდი, რომ სტრასბურგის დატოვება სახელმწიფო დელეგაციის გარეშე იქნებოდა არასწორი. ასე რომ, მე არაფრის მომზადების შესაძლებლობა არ მქონდა, დილით სხვა ქვეყნიდან ჩამოვედი და საღამოს სტრასბურგში წავედი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები