ე.წ. სამხრეთ ოსეთი 28 დეკემბერს ქართული მხარისგან პროვოკაციას ელოდება
„საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვართან ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახური სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერებისთვის ზომებს მიიღებს“ – ამ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის „კა–გე–ბეს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„მიმდინარე კვირაში ქართული მედიასაშუალებების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით 28 დეკემბერს გორის რაიონში, ერგნეთის სოფლის ბაზრობის გახსნას. ამასთან, ინტერნეტში ერთ-ერთ საიტზე, რომელსაც საქართველოს სპეცსამსახურები პროპაგანდისთვის იყენებენ, 25 დეკემბერს განთავსდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რომელიღაც ვირტუალური ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ თავს “სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ მოლაშქრეთა საბჭოს” უწოდებს, აპირებს ერგნეთისკენ გადასვლას და ცხინვალის უშიშროების კომიტეტისა და შსს-ს მხარდაჭერით შეიარაღებულ თავდასხმას”, – განაცხადეს ე.წ. სახმრეთ ოსეთის „კა–გე–ბეს“ პრესსამსახურში.
„კა–გე–ბეს“ პრეს–სამსახურის ცნობითვე, რესპუბლიკაში არავითარი მსგავსი საბჭო არ არსებობს.
„საქართველოში მოქმედი რადიკალური ელემენტებისგან პროვოკაციების არიდების მიზნით, ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს საზღვრისპირა ზონაში მასობრივი ღონისძიების ჩატარებისას უსაფრთოების ზომების გაძლიერებას ვურჩევთ“, – აღნიშნეს „კა–გე–ბე“–ში.
წყარო: cominf.org