“მე არ მაქვს დაპირისპირება “ქართულ ოცნებასთან”, მე მაქვს შეუთანხმებელი საკითხები”
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირება არ აქვს. როგორც მარგველაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, მას კოალიციასთან შეუთანხმებელი საკითხები აქვს.
ქვეყნის პირველმა პირმა გასული წელიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური პრობლემა საქართველოში ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა.
“ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკური პრობლემატიკა ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი და ჩვენ არ ვცხოვრობთ დალხენილ ქვეყანაში, არამედ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ამის თქმის პარალელურად, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რომ ბიუჯეტის ორიენტაცია, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, მოხდა სოციალურ პრობლემატიკაზე და მინდა გამოვყო ის გლობალური პროექტი, რომელიც 2 წელია ხორციელდება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, საქართველომ წელს გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, რომელიც იმედია, შექმნის პოზიტიურ დინამიკას მომავალში ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების თვალსაზრისით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, პირადად მისი ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა. “ჩემი ხელფასი იგივეა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო. როცა “ჯიპას” რექტორი ვიყავი, იგივე ხელფასი მქონდა, რაც მაქვს დღეს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.