პრემიერი: სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა, რატომ არ იღებდით მაშინ ხმას?!
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ დუმდნენ საყდრისის საბადოს ბედით აღშფოთებული პოლიტიკოსები ყოფილი ხელისუფლების პირობებში „უნიკალური ძეგლების განადგურებისას“ და რატომ არ აკრიტიკებდნენ იმჟამინდელ ხელისუფლებას.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ პრესკონფერენციაზე საყდრისის საბადოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევა, უნიკალურ ძეგლებს განადგურება ეწერათ. მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს მოუწოდა, დაფიქრდნენ იმ 3000 ათასი ოჯახის ბედზე, რომლებიც აღნიშნულ საბდოზე არიან დასაქმებულები.
„3000 ათასი ოჯახი დღეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის პირასაა, გაურკვევლობა აქვთ, ახალი წელი დგება. ძალიან გთხოვთ, ამაზე იფიქრეთ ყველამ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა. აქ ემოციების დრო არ არის, ჩვენს ხალხს რეალური დახმარება სჭირდება. შიმშილობენ, 1000 ადამიანი ჩამოვიდა კაზრეთიდან, ჯერ პრეზიდენტთან, რომელმაც განცხადება გააკეთა და შემდეგ კანცელარიასთან მოვიდნენ. მე ამ ადამიანებს პასუხი უნდა გავცე, ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობა არ აკისრიათ, აკეთებენ განცხადებებს, მათთვის ძალიან იოლია ამის გაკეთება. საქმის კეთება და ადამიანების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებაა რთული.
მე არ ვიცი, თუ გნებავთ, შევინარჩუნოთ არქეოლოგიური ობიექტი, დავაკონსერვოთ და 3000 ათასი ოჯახი სახლებში გავუშვათ. მე ამაზე პასუხისმგებლობას არ და ვერ ავიღებ. მე ვიღებ იმის პასუხისმგებლობას, რომ ამ 3000 ათას ადამიანს დავიცავ და, დიახაც, იქ შევუქმნით პირობებს, რომ კომპანიამ და ამ ადამიანებმა იქ მუშაობა გააგრძელონ. თუ რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, ამას დაადგენენ შესაბამისი ორგანოები, აცადეთ ჯერ ამათ, გამოიკვლიონ. რატომ ჩქარობენ პოლიტიკოსები, რატომ იღებენ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რატომ პოპულისტობენ?! რატომ ცდილობენ მასებზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა ეს მასა არ არის განსაკუთრებული. გასაგებია, ბევრი მათგანი გულწრფელად განიცდის. მე ამ ადამიანებს შევახსენებ, სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა, კულტურულ ძეგლებს ანგრევდნენ, უნიკალური ძეგლები ინგრეოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ეს ძეგლები დღეს აღარ იარსებებდა. მაშინ სად იყავით? სად იყვნენ ეს პოლიტიკოსები, მაშინ რატომ არ იღებდნენ ხმას? ამ ადამიანებმა, კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და განმარტონ“, – განაცხადა პრემიერმა.