პრემიერ-მინისტრი ბიზნესმენებთან შეხვედრებს გეგმავს
მე ვაპირებ, იანვარში დავიწყო შეხვედრები ბიზნესმენებთან, – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იგი ბიზნესმენებს გააცნობს ცალკეული რაიონების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა.
„ეკონომიკა უნდა განვითარდეს, წარმოება – ყველა რაიონში. საჭიროა მეტი ჩართულობა საზოგადოების, კერძო სექტორის. ვფიქრობთ, კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. ჩვენ თითოეული რაიონის დონეზე დავამუშავეთ რაიონებში არსებული რესურსები. ზოგიერთი პროექტის სახითაც ჩამვაოყალიბეთ. მე ვაპირებ, იანვარში დავიწყო შეხვედრები ბიზნესმენებთან. ვაპირებთ, საჯაროდ შევთავაზოთ მათ ეს პროექტები და გამოვაცხადოთ ინეტრესთა გამოხატვა თითოეული რაიონის მიხედვით. თუ მოხდება ყველა რაიონში საწარმოების დაფინანსება და ეს უნდა მოვახდინოთ, ძალიან მალე მივიღებთ დიდ ეფექტს – გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, გამოცოცხლდება ეკონომიკა, რაიონები, რეგიონები. საჭიროა მეტი ჩართულობა და მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან. საქართველოში არ არის ფინანსური რესურსის ნაკლებობა. რესურსი არსებობს. ფულის საშუალება არის და ბიზნესის განვითარება შეიძლება“, – განაცხადა პრემიერმა.