„სააკაშვილი 24 საათის განმავლობაში საკუთარი ტელევიზიით ცდილობს ისტერიის დათესვას“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებაში მოქმედი ხელისუფლების არაეფექტური მუშაობის თაობაზე დეზინფორმაციას ავრცელებს და ხალხში ხელოვნურ ისტერიას და პანიკას თესავს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი 24 საათის რეჟიმში “საკუთარი ტელევიზიით“ სიცრუის ტირაჟირებას ეწევა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს კონკრეტულ შედეგებს, ციფრებს უპირისპირებს.
“ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გადაიტანა, ძალიან ბევრ გაჭირვებას, განსაცდელს გავუძელით. ახლა ჩემი მთავარი სურვილია, რომ საზოგადოება დამშვიდდეს. ის ისტერია, რაც შეიქმნა, აბსოლუტურად ხელოვნურადაა გამოწვეული. ეს არის პოლიტიკური ძალების მხრიდან მართული პროცესი. სააკაშვილი აკონტროლებდა და დღესაც აკონტროლებს საკუთარ ტელევიზიას. ის 24 საათის განმავლობაში საკუთარი ტელევიზიით ცდილობს ისტერიის დათესვას. ეს არის ის, რამაც განაპირობა დაბნეულობა და განცდა საზოგადოებაში – რომ ამ ორი წლის განმავლობაში იქნებ რაღაც ისე ვერ კეთდება. ამ დროს ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მეტი გაკეთებულიყო, მაგრამ მოსახლეობას აქვს განცდა, რომ “იქნებ რაღაც ისე არ კეთდება“ – ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტია, როცა 24 საათის განმავლობაში ერთი და იმავეს გიმეორებენ ამის თაობაზე. ასეთ დროს მინიმუმ ეჭვი აღეძვრება ადამიანს და ყველაფერს ეჭვის თვალით შეხედავს. ჩვენ ამ ბრალდებებს რაც მოდის ტელევიზიების, პოლიტიკოსების მხრიდან, იგივე სააკაშვილისგან, კონკრეტულ ციფრებს ვუპირისპირებთ. სამწუხაროდ, ტელევიზიებს რეალურად სააკაშვილი უნდა დავარქვათ, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა ხშირად სიცრუის ტირაჟირებას ახდენს. ჩვენ ამას სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ, ჩვენს მინისტრებს ყოველთვის ამას ვეუბნები – ჩვენ თუ ვართ და ვიქნებით მართლები, ყველაფერი დალაგდება ჩვენი ქვეყის, ხალხის საკეთილდღეოდ, დანარჩენი, თუ რაიმე პრობლემა გამოჩნდება, იმას გამოვასწორებთ, თუ შეცდომას დავუშვებთ, ბოდიშს მოვიხდით. თუ ადამიანი წაიქცევა, ის სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს, უნდა წამოდგეს და წელში გამართულმა განაგრძოს სიარული. მე ასე ვცხოვრობ, ასე მიცხოვრია და ასე ვმუშაობთ. ასე უნდა იყოს, ალბათ, მთავრობის ყველა წევრი“, – განაცხადა პრემიერმა.