„როცა ჟურნალისტი კითხვას სვამს, უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის კითხვაზე”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ 2 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი რეფორმა გაატარა. მისი თქმით, რეფორმების გატარებას 24- საათიანი მუშაობა სჭირდება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმწიფოს მართვა არ არის მარტივი საქმე და ყველაფერს სჭირდება კარგი გააზრება.
“ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა. პირველი წელი იყო კოჰაბიტაციის, როდესაც სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ასევე თბილისის მერია აუღებელი ციხესიმაგრე იყო, ეწეოდა საბოტაჟურ საქმიანობას და 100 მილიონი ლარი იყო შეუსრულებელი. ის მძიმე ვითარება, რაც დახვდა ნარმანიას, ეს არის ყოფილი მერის უპასუხისმგებლო საქმიანობის შედეგი, ჩვენ ხელისუფლება ავიღეთ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ჩვენ ჩავატარეთ სამი არჩევნები – საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვას, ხელისუფლებაში ორწლიანი ყოფნის დროს, რატომ ვერ მოხერხდა შსს-სა და სასჯელაღსრულების რეფორმირება, აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში სრულფასოვნად აგვისტოს თვიდან არის.
“ჩვენ აგვისტოში დავასრულეთ, ასე დავარქვათ, ხელისუფლების აღება. რეფორმები განვახორციელეთ, 2 წლის განმავლობაში შევძელით ბევრი რამ, თუმცა დარჩენილია დიდი სამუშაო და ამას სჭირდება 24 -საათიანი მუშაობა. ის რეფორმები, რაც ჩვენ განვახორციელეთ სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკაში, ამას წარვუდგენთ საზოგადოებას, შსს-ს, პროკურატურის რეფორმას ვერ შევძლებდით ამ პირობებში, ამას სჭირდება კარგი გააზრება და დაგეგმვა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება.  ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა და დაგვეწყო რეფორმების ახალი ეტაპი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, საქართველო ბელორუსიასთან და აზერბაიჯანთან ერთად არის მესამე სახელმწიფო, სადაც არც ერთი მერი და არც ერთი გამგებელი არ არის ოპოზიციონერი, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ყველა მერი და ყველა გამგებელი არჩეულია.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო ბარიერი იყო მაღალი და პირველად ჩატარდა საქართველოში არჩევნების მეორე ტური.
“თქვენ მოსახლეობის არჩევანს აყენებთ ეჭვქვეშ და შეურაცხყოფთ. 20-ზე მეტ თვითმმართველ ერთეულში გაიმართა მეორე ტური და მერები და გამგებლები აირჩნენ. გეტყობათ, რომ არ ხართ ბუნებრივი, ძალიან ხელოვნურად დასმული კითხვა იყო და ძალიან სამწუხაროა, რომ როცა ჟურნალისტი კითხვას სვამს, უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის კითხვაზე”, – მიმართა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები