დავით ლორთქიფანიძე ლევან ბეჟაშვილთან დაპირისპირების მიზეზს განმარტავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან ლევან ბეჟაშვილთან დაპირისპირების მიზეზი განმარტა. მისი განცხადებით, მასსა და უმცირესობის წევრ ლევან ბეჟაშვილს შორის დაპირისპირება იმ მიზეზით მოხდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციები გაავრცელოს.
“მგლის თავზე სახარებას კითხულობენო, ისეა “ნაციონალების” საქმე. პლენარულ სხდომაზე ხაჩიძე გამოდიოდა და საცურაო აუზებზე საუბრობდა, მაშინ როდესაც საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები გაყიდეს ქვეყანაში, სპორტული ინფრასტრუქტურა გააჩანაგეს და გაანადგურეს. ამასთან დაკავშირებით მე მივმართე მათ, რომ ტყუილის ლაპარაკს თავი დაანებონ. ამაში ჩაერთო დეპუტატი ბეჟაშვილი და დაპირისპირება სწორედ ამიტომ მოხდა. ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ამაზე ახლაც მიიღეს პასუხი და მომავალშიც მიიღებენ”, – განუცხადა დავით ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ უმცირესობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე.
დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მოხდა. მანდატურებმა დეპუტატების გაყვანა სხდომათა დარბაზიდან შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები