„სამი ათასი ოჯახის უსამსახუროდ დატოვება ასეთ ვითარებაში, როგორშიც დღეს ვართ, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა“

მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმ სამი ათას ოჯახზე, რომელიც კომპანია “არემჯიშია“ დასაქმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვიდრე დასკვნები და განცხადებები გაკეთდება, საჭიროა იმ ადამიანების ბედის გათვალისწინება, რომლებიც იქ არიან დასაქმებულები.
“მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას – საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა გაქვს ამომრჩევლების, ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. ვიდრე დასკვნებს, განცხადებებს გავაკეთებთ, საჭიროა, გავითვალისწინოთ იმ ადამიანების ბედი, რომლებიც იქ არიან დასაქმებულები. 3 ათასი ოჯახის უსამსახუროდ დატოვება ასეთ ვითარებაში, როგორშიც დღეს ვიმყოფებით, არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. მე ნამდვილად ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ამ 3 ათასი ოჯახის წინაშე, რომ ვუთხრა, კომპანია უნდა გაჩერდეს, დაიხუროს და 3 ათასი ოჯახი წინასაახალწლოდ დარჩეს უმუშევარი. ეს იქნება ღალატი ამ 3 ათასი ოჯახის და ამას არ და ვერ გავაკეთებ. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას სიმშვიდისკენ. მესმის, რომ საკითხი ემოციურია, ყველა ძეგლი და ყველა არქეოლოგიური აღმოჩენა ჩვენთვის ძვირფასია, მაგრამ ჩვენ სასწორზე უნდა დავაყენოთ ორი სიკეთე და იქიდან ავირჩიოთ, რომელი უფრო დიდი სიკეთეა, მით უმეტეს, ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არტეფაქტები იყოს განადგურებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას სწორედ აღნიშნული 3 ათასი ოჯახის ბედი აღელვებს და არა კონკრეტული კომპანიის. პრემიერის თქმით, ბორცვი, რომელიც იყო იქ, თავად სპეციალისტების შეფასებით, სრულიად სტერილურია.
“მისი არსებობა წლების განმავლობაში არავის ახსოვდა. ინვესტორებიც შემოვიდნენ ჩვენამდე, ჩვენ მათთან არავითარი შეხება არც გვქონია და არც გვაქვს, ჩვენ უბრალოდ საკითხს ვუდგებით სახელმწიფოებრივად და ის ისე უნდა გადავწყვიტოთ, როგორც არის სწორი. თუ იურიდიული გადაცდომა იყო, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან და გამოასწორებენ, დანარჩენი, ვფიქრობ, უნდა მივცეთ კომპანიას საშუალება გააგრძელოს იქ მუშაობა. მე მაღელვებს არა ერთი კონკრეტული კომპანიის ბედი, არამედ 3 ათასი ოჯახის ბედი, რომელიც ამ რაიონთანაა დაკავშირებული”, – აღნიშნა ირაკლი ღრიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები