ირაკლი ღარიბაშვილი საყდრისზე: რა ბრალდებებიც მესმის, მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელია

საყდრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ემოციებს აყოლილი აჟიოტაჟით არ უნდა მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობამ ორივე მხარეს უნდა მოუსმინოს და საბოლოოდ გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.
“არ შეიძლება, მხოლოდ რაღაც ემოციებს აყოლილი აჟიოტაჟი გახდეს ჩვენთვის გადაწყვეტილების მიმღები და ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი სიკეთე დაზიანდეს, როგორიც არის 3000 ოჯახის დასაქმება და მათი ბედი. მე ეს უფრო მაღელვებს. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირფასია თითოეული არქეოლოგიური ობიექტი, კულტურული ძეგლი, აღარ ჩამოვთვლი იმ ობიექტებს, რომელიც ჩვენი მთავრობაში მოსვლის შემდეგ გავარემონტეთ და აღვადგინეთ. რა ბრალდებებიც მესმის, მე ვფიქრობ, მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელია, ვინაიდან ყველას შევახსენებ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით 700-ზე მეტი კულტურული ძეგლია აღდგენილი საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, „არ-ემ-ჯი გოლდში“ 3 000 ოჯახია დასაქმებული, რაც მნიშვნელოვანია.
“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ ორივე მხარეს. არ შეიძლება, მხოლოდ ერთ მხარეზე დაყრდნობით გავაკეთოთ დასკვნები. ის, რომ ამ კომპანიაში 3 000 ოჯახია დასაქმებული, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო: ამ კომპანიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შენატანები და ბოლნისის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპანიის აქტიური მუშაობა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, მისთვის ცნობილია, რომ კომპანია „არ-ემ-ჯი“ აპირებს მუზეუმის გაკეთებს საკუთარი ხარჯებით და იმ ადგილას მოპოვებული არქეოლოგიური ნივთები ამ მუზეუმში იქნება გადატანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები