„სამართლებრივ პროცედურებს მას შემდეგ დავიწყებ, რაც კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს“

„კოტე კუბლაშვილი იმპიჩმენტის წესით უნდა გადააყენონ“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საფრანგეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გააკეთა.
როგორც სულხან მოლაშვილმა განმარტა, სამართლებრივ პროცედურებს ოფიციალურად მას შემდეგ დაიწყებს, რაც კოტე კუბლაშვილი თავის პოსტს დატოვებს, თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გარკვეული სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. მისი თქმით, ის უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა პროკურატურაში, სადაც პროკურორებს ახსნა-განმარტებები მისცა.
“უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადასტურება კუბლაშვილის იმპიჩმენტისთვის სრულიად საკმარისია. როგორც ვიცით, პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა კონსტიტუციური ფიგურები შეიძლება გადააყენო იმპიჩმენტით, თუ ადგილი აქვს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ევროსასამართლო ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დაარღვია ევროპული კონვენცია და ასევე საქართველოს კონსტიტუციის ნაწილი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციას აღიარებს. თუკი ეს დარღვევები არსებობს, ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი”, – განაცხადა სულხან მოლაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.
სულხან მოლაშვილმა არ გამორიცხა, რომ მომავალში შესაძლოა, პოლიტიკური საქმიანობა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები