ესტონეთის პრეზიდენტი: ევროკავშირმა და ამერიკამ რუსეთს საქართველოსა და უკრაინაში აგრესიის უფლება მისცეს

რუსეთმა სამხედრო აგრესიის აკრძალვის შესახებ ყველა საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია, როდესაც 2008 წელს საქართველოში საკუთარი ჯარები შეიყვანა. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ილვესმა განაცხადა.
ილვესის თქმით, არაადეკვატური იყო დასავლეთის რეაქცია ასევე ყირიმის ოკუპაციაზე და რუსეთის ფედერაციის აგრესიაზე დონბასში.
„ყირიმის ანექსიის დღეს ჩვენთვის ნაცნობი უსაფრთხოების ტრანსატლანტიკური სივრცე დაირღვა. დავიწყოთ გაეროს ქარტიით, რომელიც აგრესიას კრძალავს. მაგრამ უშიშროების ტრანსატლანტიკური სივრცე 1975 წელს ჰელსინკის შეთანხმებებთან ერთად გაჩნდა, რომლებიც ძალით ან ძალის გამოყენების მუქარით საზღვრების შეცვლას კრძალავს. ისინი აღარ მოქმედებენ“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
ილვესის თქმით, მოსკოვი არაერთხელ აცხადებდა საკუთარი აგრესიული გეგმების შესახებ, თუმცა ევროკავშირს და აშშ-ს ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ და მათ რუსეთის მხარეს აგრესიულად მოქცევის უფლება მისცეს.
ილვესის განცხადებით, მაშინ ევროპამ რუსეთის შეჭრაზე არაადეკვატური რეაგირება მოახდინა და ერთი თვის შემდეგ მოსკოვთან ნორმალურ თანამშრომლობას დაუბრუნდა.
„ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის აქტის უფლება მივეცით და არაფერი გაგვიკეთებია, გარდა „მშვიდობა, სიყვარული, ვუდსტოკის“ მსგავსი განცხადებებისა“, – განაცხადა ილვესმა.
მან აღნიშნა, რომ 2009 წელს რუსეთის ფედერაციის იმდროინდელმა პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა და პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველოში საკუთარი ჯარები შეიყვანეს იმისთვის, რომ ქვეყანა (საქართველო) ნატოში არ შესულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები