უკრაინაში მებრძოლი ქართველების სტატუსთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას უმრავლესობაში პროვოკაციად აფასებენ

ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს სხდომაზე არ დაარეგისტრირეს. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ინიციატივა იურიდიულად გაუმართლებელი და პოლიტიკურად ანგაჟირებული სპეკულაციაა.
“ეს წმინდა პროვოკაციული განცხადებაა, რასაკვირველია, ჩვენს დაღუპულ მებრძოლებს უნდა მივხედოთ, საჭიროების შემთხვევაში დახმარება უნდა გავუწიოთ, მაგრამ განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს არის ოფიციალური სტატუსით მებრძოლი ადამიანი და ჩავერთოთ სახელმწიფოთა შორის ომში, წარმოადგენს პოლიტიკურად ანგაჟირებულ სპეკულაციას“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში მებრძოლი ქართველების სტატუსის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა სტატუსთან გათანაბრების ინიციატივით გამოდის.
ცვლილებათა პროექტი დღეს პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა წარმოადგინა. ის „ომისა და სამხედრო ვეტერანების შესახებ კანონში” ცვლილებებს ითვალისწინებს.
„მათი ოჯახის წევრები და თვითონ ისინიც იმავე სოციალური გარანტიებით იქნებიან დაცულები და სახელმწიფოც მათ ნორმალურ ცხოვრებისეულ პირობებს უზრუნველყოფს. ამაშიც გამოჩნდება დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება – რამდენად გულწრფელები არიან იმ შეფასებაში, რომელიც თავდაცვის მინისტრის განცხადებას მოჰყვა”, – აცხადებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები