თიბილოვი საქართველოს მორიგ ულტიმატუმს უყენებს

თბილისთან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ და მისი „სახელმწიფოებრიობის აღიარებამ შესაძლოა, ქვეყნებს შორის დიალოგისკენ გზა გახსნას“, – ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთს და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია მხოლოდ თანაბარ უფლებებზე დაყრდნობით, ეს ურთიერთობა უნდა იყოს, როგორც მეზობელი დამოუკიდებელი სახელმწიფოების კონტაქტი.
თიბილოვის თქმითვე, რუსეთი არაერთხელ დაეხმარა ოს ხალხს „აგრესორის მოგერიებაში და რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა“. „ვლადიმერ ოუტინმა სწორედ აღნიშნა, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია და ამას სამხრეთ ოსეთში გაგებით ეკიდებიან. რუსეთი წლების მანძილზე ყველაფერს აკეთებდა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა შენარჩუნებულიყო, თუმცა საქართველოში სხვა გზა აირჩიეს. ამ არჩევანის პირდაპირი შედეგი შეცვლილი რეალობაა და ეს რეალობა საქართველოში უნდა მიიღონ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამას საქართველოში უნდა მიხვდნენ“, – განაცხადა თიბილოვმა.
თიბილოვი აღნიშნავს, რომ „საქართველომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ახალ აგრესიაზე ფიქრი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტოს, უნდა აღიაროს ოსების მიმართ გენოციდის საკუთარი ბრალეულობა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწეროს“. მეორე ნაბიჯი, თიბილოვის მტკიცებით, უნდა გახდეს „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარება“.
სწორედ ეს ნაბიჯები, თიბილოვის განცხადებითვე, “სამხრეთ ოსეთს ქართველ ხალხთან დიალოგის დაწყების საშუალებას მისცემს“. „მაგრამ ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. საქართველო ყველანაირად გაურბის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს და ფაქტობრივად ჟენევის დისკუსიების საბოტაჟს ახდენს. ჯანსაღი აზრის და გამსახურდიას და სააკაშვილის იდეალებს შორის საქართველო არაჯანსაღ აზრს ემხრობა“, – განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები