„საკრებულოში დაბალი ანაზღაურებაა“

„პრემიები იყო შიხიაშვილის საკრებულოში, ჩვენს საკრებულოში პრემიები საერთოდ არ გაცემულა“,- აღნიშნული განცხადება საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დავით ზურაბიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ერთი უკიდურესობიდან საკრებულო მეორე უკიდურესობაში გადავარდა. მისი თქმით, თუ შიხიაშვილის დროს დიდი რაოდენობით თანხებს იღებდნენ საკრებულოში, დღეს პირიქით, ძალიან მცირეს იღებენ. დეპუტატის თქმით, საკრებულოში ანაზღაურების საკითხი მოსაგვარებელია.
„ ჩვენს საკრებულოში არცერთი პრემია არ გაცემულა. შიხიაშვილის დროს იყო გაბერილი პრემიები. ახლა მეორე უკიდურესობაში ვართ. უმრავლესობამ მივიღეთ წერილობითი დეკლარაცია რომ პრემიებს არ გამოვიწერთ. ანაზღაურების საკითხი მოსაგვარებელია. მე პირადად ბევრად დაბალი ხელფასი მაქვს, ვიდრე მქონდა პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობის პერიოდში. ჩემს თავზე არ ვამბობ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ბიუროს თანამშრომლებს მაინც გაეზრდებათ ხელფასები. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც დადიან და მუდმივად აწარმოებენ შეხვედრებს სხვადასხვა რაიონის მოსახლეობასთან და ამ ინფორმაციას გვაწვდიან ჩვენ, მაჟორიტარებს, ამიტომ მგონია, რომ მათ ხელფასები უნდა გაეზარდოთ. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით, ადრე თუ საკრებულოში დიდ თანხებს იღებდნენ, ახლა სულ აღარაფერს იღებენ და დაბალი ანაზღაურება აქვთ“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა“ (IDFI) 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ნოემბრის პერიოდში, საკრებულოს წევრებისთვის დარიცხული პრემიერის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც საკრებულოდან მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, 2013 წლის ნოემბრის შემდეგ, საკრებულოში ყოველთვიურად გაცემული პრემიების ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით, თბილისის საკრებულოს წევრებზე 1 247 206 ლარის პრემია გაიცა, რაც 2013 წლის საწყისი ათი თვის განმავლობაში, საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობაზე თითქმის სამჯერ მეტია.
IDFI-ის ინფორმაციით, მსგავსი მდგომარეობაა საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების თვალსაზრისითაც.
„2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით, საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი შიხიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს – 54 516 ლარი, გიორგი მუსხელიშვილს – 45 430 ლარი, გიორგი ტყემალაძეს და ჯაბა სამუშიას – თითოეულს, 43 890 ლარი. საკრებულოს სხვა წევრების მიერ მიღებული პრემიების ოდენობა უმრავლეს შემთხვევაში – 40 040 ლარს არ ჩამოუვარდება“, – ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, პრემიის სახით, საკრებულოს წევრებმა – კახა კუკავამ – 37 440, ზაალ სამადაშვილმა – 34 840, მამუკა ახვლედიანმა – 34 840, ირაკლი დვალმა – 28 465, გულიკო ზუმბაძემ – 28 465, ხოლო ხვიჩა სანაიამ – 11 440 ლარი აიღეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ, ახალი საკრებულოს მოწვევის პირობებში საკრებულოს წევრებზე პრემიები აღარ გაიცემა, ხოლო აპარატის თანამშრომელთა წახალისების პრაქტიკაც მნიშვნელოვნად შემცირებულია, 2014 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში კი, არაგეგმიურად გაცემულმა მაღალი ოდენობის პრემიებმა, თბილისის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები