„უახლოეს ხანებში ვიზების ლიბერალიზაციას უნდა ველოდოთ“
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
ქანთარიას განცხადებით, შტაინმაიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოს მთავრობას არათუ არ შეუცვლია პოლიტიკური ვექტორი, არამედ უფრო და უფრო უახლოვდება დასავლეთს. მისი თქმით, შტაინმაიერის ვიზიტი მიანიშნებს იმაზეც, რომ უახლოეს ხანებში საქართველო ვიზების ლიბერალიზაციას უნდა ელოდეს.
ქანთარიამ კომენტარი ჟენევის მოლაპარაკებების შესახებაც გააკეთა. მისი განცხადებით, მოლაპარაკებების ფორმატი უნდა დაიხვეწოს. დეპუტატის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკების ფორმატიდან ის რაიმე გარღვევას არ ელის.
„ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ არათუ არ იცვლება ჩვენი კურსი, არამედ ღრმავდება. ეს პროცესები აჩქარებს ჩვენს დაახლოებას ევროპასთან. ეს ვიზიტიც ნიშნავს იმას, რომ უახლოეს ხანებში ვიზების ლიბერალიზაციას უნდა ველოდოთ. რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, ვფიქრობ, დევნილთა დაბრუნება ძალიან რთული იქნება, ჩვენ წინა ხელისუფლებისგან ამ მხრივაც ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ. ამ ფორმატიდან რაიმე გარღვევას არ ველი, ვფიქრობ, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა დაიხვეწოს“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.