გიორგი მარგველაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი მიიღო. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და რეგიონში, მათ შორის, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასაც, კერძოდ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“.
„მოხარული ვარ ვუმასპინძლო ბატონ შტაინმაიერს, რომელიც კვლავ სტუმრობს საქართველოს. როგორც აღვნიშნეთ, გერმანიასთან ჩვენი პარტნიორობა სულ უფრო ღრმავდება, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპაში გაწევრების გზაზე. გერმანია აქ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთდეს საქართველოსთვის, რომელიც გვეხმარება ევროპასთან ინტეგრაციის საქმეში. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხი წელს ძალზე აქტუალურია – ეს არის ის სირთულეები, რომლებიც წარმოიქმნა უკრაინაში, ასევე აფხაზეთში და, შესაძლოა, ოსეთშიც. მადლიერებას გამოვთქვამთ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც გვეხმარებიან და გვიჭერენ მხარს. 2014 წელს წინა პლანზე დადგა აღნიშნული საკითხები და ვიმედოვნებ, რომ 2015 წელი საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩაბმულობით იქნება მათი მშვიდობიანი გადაწყვეტის წელი. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ თანამშრომლობის გაღრმავებით და იმით, რომ რეგიონში მშვიდობის, განვითარებისა და თანამშრომლობით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომელთა წყალობით კავკასიის რეგიონი გახდება უფრო დაცული და სტაბილური ადგილი. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ადგილი, სადაც ადამიანები ქმნიან უკეთეს მომავალს რეგიონისა და მთელი კონტინენტისთვის“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ყურადღება ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
„წელს ეს ჩემი მეორე ვიზიტია. პირველი სამმხრივი ვიზიტი იყო, რადგან ჩემთან ერთად იმყოფებოდა ჩემი კოლეგა და მეგობარი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი. ახლა ევროპისთვის რთული, კრიზისული პერიოდია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპისთვის, მათ შორის უკრაინისთვის. საქართველოსა და გერმანიას ამჟამად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ბატონ პრეზიდენტთან ვისაუბრეთ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, განსაკუთრებულად აღვნიშნეთ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდგომი პერიოდის თაობაზე. პრეზიდენტთან ასევე აღვნიშნე ის, რომ ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს ამ შეთანხმებას. ამას გარდა, ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ვითარების ნორმალიზებას შემდეგი დღეებისა და კვირების განმავლობაში“, – განაცხადა ვალტერ შტაინმაიერმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მის თანმხლებ დელეგაციას სამუშაო ვახშამზეც უმასპინძლა, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოსა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ესწრებოდნენ.