თამარ ბერუჩაშვილი: გერმანული ექსპერტიზა გადამწყვეტი იქნება ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გერმანელი კოლეგის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გერმანიის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებად აფასებს.
როგორც ბერუჩაშვილმა შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ასევე ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები.
“განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გერმანიის აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. გერმანული ექსპერტიზა პრაქტიკულად გადამწყვეტი იქნება ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის, საქართველოს მოდერნიზაციისა და ევროპეიზაციისთვის”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის წარმატებით რეალიზაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში საქართველოს მონაწილეობაზე.
ბერუჩაშვილის განცხადებით, პარტნიოებისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს მზაობა, მონაწილეობა მიიღოს ISAF-ის შემდგომ ოპერაციაში. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე და არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება. ბერუჩაშვილის განცხადებით, ქართული მხარის შეშფოთებას ზრდის ის, რომ მოსკოვი ანალოგიური, ე.წ. შეთანხმების გაფორმებას ოკუპირებულ ცხინვალთანაც აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები