ნინო ბურჯანაძე: სწორედ ალასანიას განცხადებებმა გამოიწვია აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება

  პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება დიდწილად ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებების შედეგია – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძე გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
,,მე ვამბობ, რომ დიდწილად სწორედ ალასანიაზეა ის ხელშეკრულება, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა. როდესაც მან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რუსეთმა მომენტალურად განაცხადა, ჩვენ ამას საფრთხედ აღვიქვამთ და შესაბამისად ვიმოქმედებთო. მერე ისევ ალასანიამ გააკეთა განცხადება, საქართველოში ნატოს ბაზა იხსნებაო, საწვრთნელი ცენტრი კი არა, ნატოს ბაზაო. რუსეთმაც მყისვე გააკეთა განცხადება, ჩვენ ამაზე რეაგირებას მოვახდენთო და გამოაგდო ეს ხელშეკრულება და რუსეთმა ამ დოკუმენტის ფორსირება დაიწყო“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ დღეს არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ექსპრეზიდენტის პოლიტიკის გატარებას ცდილობენ. მისივე თქმით, ასეთ პოლიტიკურ ძალებს შორის, პირველ რიგში, თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ალასანია გამოირჩევა.
,,დღეს პარლამენტსა თუ მთავრობაში არიან ადამიანები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელში სააკაშვილის დროშა აიღონ და იმავე პროექტის ნაწილი გახდნენ, რომელი პროექტის ნაწილიც სააკაშვილი იყო. მათ შორის, პირველ რიგში, ირაკლი ალასანიას ვგულისხმობ, რომელიც ამას ღიად და დაუფარავად ცდილობს“,- აცხადებს ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები