გიგა ბოკერიას მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულები – „საქმე ორ ათეულ მილიონამდე ლარს უნდა ეხებოდეს“

  გაზეთი „პრაიმტაიმი“ უშიშროების ყოფილი მდივანთან, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ ფაქტებს იხსენებს, რომლის გარშემოც გამოძიებას შესაძლოა, კითხვები გაუჩნდეს.
როგორც გამოცემა წერს, ყველაზე გავრცელებული თემა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის შესაძლო დანაშაულის შესახებ ამ საბჭოდან გაცემული თანხებია, ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს კი გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
„ზოგიერთი ინფორმაციით, საქმე ორ ათეულ მილიონამდე ლარს უნდა ეხებოდეს, რომლის არამიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებლობას, სავარაუდოდ, ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძეც უნდა ინაწილებდნენ ბოკერიასთან ერთად. ამ საქმეზე ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდნენ, რომ ბოკერიაზე პროკურატურას ბრალი უკვე გამზადებული ჰქონდა. დანარჩენი კი დროის საკითხი იყო… ცნობილია რამდენიმე დეტალი გამოძიების მასალებიდან: მარტო ერთ ამერიკულ კომპანიას, Podesta Group-ს გიგა ბოკერიამ 2010 წელს 600 000 დოლარი გადაუხადა ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის პიარისთვის. იგივე კომპანიასთან, 2012 წელსაც გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება უშიშროების საბჭომ და ისევ 600 000 დოლარად…
2011 წლის აგვისტოში, იმ დროს, როცა ამ ქალაქს ენრიკე იგლესიასი სტუმრობდა, უშიშროების საბჭომ ბათუმის „შერატონში“ სამდღიანი კონფერენცია გამართა, რომელსაც უშიშროების საბჭოს 12 თანამშრომელი ესწრებოდა. როგორც ირკვევა, კონფერენცია მხოლოდ ფორმალობა იყო და ის იქ რეალურად არ გამართულა. უბრალოდ, გადასახადის გადამხდელებმა, ისე, რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს.
საქმის მასალებში ეს არ ჩანს, თუმცა, თუკი პოლიტიკური ნება იქნება, არ არის გამორიცხული, რომ ბოკერიას 2008 წლის ომიც გაუხსენონ, სადაც მისი კომპეტენციის მიღმა გაცემული ბრძანებებით, როგორც ამბობენ, მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპებოდა.. . მის ზურგზეა 2004 წლის თებერვალში გლდანის ეკლესიის დარბევაც და უცხოეთში დაგეგმილი სპეცოპერაციაც, ე.წ. „ორი პატრიარქი“, რომლის მიზანიც ქართულ ეკლესიაში შუღლის ჩამოგდება, სინოდის წევრთა ორად გაყოფა და საბოლოო ჯამში, ეკლესიის ორად გახლეჩა იყო… 2006 წლის 27 მარტის „ციხის ბუნტის“ ერთ-ერთ ორგანიზატორად გიგა ბოკერიას თავად მისი თანაგუნდელი, ელენე თევდორაძე ასახელებს და აზუსტებს, რომ ბრძანებებს „სპეცნაზის“ საჭიროების შესახებ, სწორედ ბოკერია გასცემდა“, – წერს გამოცემა.
ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც ციხეში უნდა ჩამჯდარიყო, გიგა ბოკერიაა, ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა.
„თუ ამ ხელისუფლებას ჰქონდა ამოცანა, რომ სისტემის არქიტექტორები უნდა ჩამჯდარიყვნენ ციხეში, მაშინ მათ შორის ერთ-ერთი პირველი გიგა ბოკერია უნდა ყოფილიყო. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები იმის თაობაზე, როგორ დახარჯა გიგა ბოკერიამ ბიუჯეტის თანხები და ა.შ. ეს განცხადებები ყველა ლოგიკით, ცხადია, მის მიმართ განხორციელებული მოქმედებებით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. თუ მიზეზებს დავუწყებთ ძებნას, ორი რამ გამოიკვეთება – პირველის თანახმად, ბოკერიამ, როგორც ჩანს, მიაღწია შეთანხმებას ხელისუფლებასთან „რაღაცის“ ხარჯზე, რის გამოც მის მიმართ სისხლის სამართლის დევნას არ იწყებენ, ან კიდევ არის მეორე ფაქტორიც: საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე უცხოეთიდან მოხდა ზეწოლა ისეთი, რომელსაც ხელისუფლებამ ვერ გაუძლო. არა, ხელისუფლებას გიგა ბოკერიას დაჭერა არ გადაუფიქრებია. ეს საკითხი დღის წესრიგში კვლავაც დგას, თუმცა ის ფაქტორები, რომლის შესახებაც მოგახსენეთ, დროებით აჩერებს ამ საკითხს. მოდი, ასე ვთქვათ – ბოკერია ან თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, ან მისი დასავლელი ლობისტები ახდენენ ზეწოლას, რომელსაც ხელისუფლება ვერ უძლებს. თუმცა, რომელიც არ უნდა იყოს, ეს მაინც დროებითია. სამხედროებს აქვთ ასეთი გამონათქვამი – ავტომატს ხელი ისე არ უნდა გამოჰკრა, რომ ყველა ტყვია ერთჯერადად დახარჯო. შესაძლოა, ბოკერია გახდეს საარჩევნო მსხვერპლი. ასე რომ, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ბოკერიაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პოლიტტექნოლოგიის საკითხი გახდეს და საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გადავადდეს. თუმცა, რაც უნდა იყოს, ამოცანა ამოცანაა. ბოკერიას მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი კი თავის დროზე ხელისუფლების დაანონსებული ამოცანაა, რომელსაც ის აუცილებლად განახორციელებს, მაგრამ ის, როგორც ჩანს, პოლიტიკის ტექნოლოგიის ის ნაწილია, რომელიც ბოლოსთვის უნდა იქნას გამოყენებული. ბოკერიასთვის ბომბს ხელისუფლება მაშინ აამოქმედებს, როდესაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კომპრომატების ომი დაიწყება. ეს კამპანია კი 2016 წლის იანვრიდან დაიწყება. ასე რომ, ბოკერიას თავისუფლად ყოფნისთვის 1 წელი რჩება, ვინაიდან მას ხელისუფლება ბოლო ლუკმად იტოვებს“, – ამბობს გელბახიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები