ბუტა რობაქიძის საქმის ყოფილი გამომძიებლის სკანდალური ინტერვიუ – „ადეიშვილისგან მოდიოდა მითითება, რომ ისინი დასჯილიყვნენ“

  პროკურატურის ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე 2004 წლის 23 ნოემბრის ღამეს ბუტა რობაქიძის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს. როგორც ნიქაბაძე გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მათთვის სასურველი სცენა დადგეს.
ნიქაბაძე ამბობს, რომ პოლიციის ყველა თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის გურამ დონაძის ბრძანებებს ასრულებდა.
,,ამ ამბავს შინ მიმავალი შევესწარი. ბუტა რობაქიძე უკვე გარდაცვლილი იყო. ზურაბ მიქაძით დაწყებული, რიგითი საპატრულო პოლიციელით დამთავრებული, ყველა გურამ დონაძის ბრძანებას ასრულებდა. შემთხვევის ადგილზე გავიგე, რომ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და რომ ინსპექტორ ბაშალეიშვილს ტყვია გაუვარდა. ყველაფერი გავაკეთე, რომ ის უდანაშაულო ბავშვები გარეთ გამომეყვანა, ციხეში ტყუილად ისხდნენ“,- აცხადებს ნიქაბაძე.
მისივე ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბრძანების თანახმად, ადგილზე მყოფი ბუტა რობაქიძის მეგობრები უნდა დასჯილიყვნენ.
ყოფილი გამომძიებლის განცხადებით, მას ექსპერტიზის დასკვნების შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც უარი თქვა.
,,ადეიშვილისგან მოდიოდა მითითება, რომ ისინი დასჯილიყვნენ და გამოძიებას უნდა გაეზიარებინა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები – რობაქიძემ გვესროლა და ის საპასუხო სროლით მოკლესო. არადა, არც ერთ ექსპერტიზას არ დაუდასტურებია, რომ რობაქიძემ გაისროლა, მეტიც, მას ხელში იარაღიც კი არ სჭერია. მოითხოვდნენ, ექსპერტიზის დასკვნები შემეცვალა, რაზეც უარი ვთქვი“,- აღნიშნავს ყოფილი გამომძიელებლი.
ნიქაბაძის განცხადებით, ბუტა რობაქიძეს ხელში იარაღი რომ არ სჭერია, ამას სასწრაფოდან ამოღებული დოკუმენტებიც მოწმობს. მისი თქმით, პატრულის თანამშრომლებმა სასურველი სცენარით ფირი გადაიღეს და ამ საქმეზე რა ჩანაწერიც წარადგინეს, თითქმის ყველაფერი მონტაჟია.
,,დონაძეს შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოფირი ვთხოვე. მითხრა, შავი მასალა განადგურებულია, შემიძლია ის ფირი მოგცე, რომელიც ,,ვიდეოპატრულში“ გადასცესო. ის მასალა განადგურებული რომ ყოფილიყო, ირაკლი ფირცხალავა ახლა ვერაფერს წარმოადგენდა. ძველ მასალაში ისმის პოლიციელების ხმა, ,,ბიჭებს არაფერი აქვთ“, ფირცხალავას ფირზე კი ეს კადრი საერთოდ გამქრალია.
ვფიქრობ, კრიმინალურ პოლიციას არავინ არაფერს ეკითხებოდა, ყველაფერს გურამ დონაძე აკონტროლებდა. ახალწარმოდგენილ ფირში მხოლოდ გასროლის კადრს და დაკავებული ბიჭების განლაგებას ვეთანხმები. მქონდა სასწრაფოდან ამოღებული დოკუმენტები, სადაც წერდნენ, გარდაცვლილთან ავტომატი არ დაგვინახავსო. პოლიციის თანამშრომლებმა აიძულეს ექიმები, მალე წამოსულიყვნენ და ამის შემდეგ გადაიღეს სასურველი ფირი. იქ თითქმის ყველაფერი მონტაჟია. დასაწყისში, პირველ სამ წუთში, კადრში უამრავი პოლიციელი ჩანს, ამ დროს კი ოთხის მეტი არ ყოფილა. მეორე – როცა ფირში ჩანს, რომ მაიზერ ლიპარტელიანი სასწრაფოს იძახებს, ესეც არასწორია. მან მისცა ჩვენება, რომ გვიან მივიდა შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე საწვავს ასხამდა და რაციით გაიგონა ხმა, კაცია დაჭრილი და სასწრაფო გამოუშვითო. საქმის მასალებით სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახებიდან სამ წუთშია მისული, 12- წუთიან ფირში კი არსად ჩანს სასწრაფო დახმარების მანქანა. ასევე 12- წუთიან კადრში არ ჩანს მეორე ავტომატი, ყუმბარა და 330 ტყვია.
ჩემთან საუბარში ადეიშვილს არ დაუმალავს, რომ პატრული პრეზიდენტის თაოსნობით შექმნილი უწყება იყო და მას ჩირქი არ უნდა მოსცხებოდა“,-აცხადებს შალვა ნიქაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები