როგორ შეეხოთ ჩინოვნიკებს ლარის ვარდნა?
როგორ შეეხოთ ეროვნული ვალუტის ვარდნის პროცესი მაღალი თანამდებობის პირებს? რა თანხას იხდიდნენ ადრე და რას გადაიხდიან დღევანდელი კურსის მიხედვით? რა ხასიათზე არიან ამის გამო? ამ კითხვებით გაზეთი „ქრონიკა“ დაინტერესდა.
ზაზა პაპუაშვილი, პარლამენტარი:
– (იცინის) ვდიჟდები რა, ჟურნალისტი, რომელიც არ მიცნობს, არ ვიცნობ, მირეკავს და ამ კითხვას როგორ მისვამს? ანუ მირეკავთ და მეკითხებით, რამდენი მაქვს ვალი და ასე შეიძლება ლაპარაკი? მე პატიოსნად შევავსე დეკლარაცია და კანონიერად ვასრულებ ყველაფერს!
– უნდა გითხრათ, რომ, რასაც გეკითხებით, ეს საჯარო ინფორმაციაა.
– კარგად ბრძანდებოდეთ!
ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტარი:
– სესხი როგორ არ მაქვს, თვეში ვიხდი ხოლმე 500-600-ს. ხან 700-იც გადამიხდია, როგორც მომიხერხდება, ისე ვიხდი ხოლმე. მაგრამ მე ლარში მაქვს გამოტანილი თანხა, ჭკვიანი ბიჭი ვარ! ზოგადად, ნუ ჰგონია ჩვენს მოსახლეობას, რომ რაღაცა განსხვავებულები ვართ! ჩვენც ჩვეულებრივად მომაკვდავები ვართ!
– მომაკვდავი თუ მოკვდავი ?
– (ეცინება) მოკვდავი და ისევე ვცხოვრობთ, როგორც სხვა. შეიძლება, ხელფასი ზოგ-ზოგებზე მეტი გვაქვს ახლა, მაგრამ წლების მანძილზე ხელფასი არ გვქონია. ასე რომ, ლარის ვარდნის პრობლემა ყველას უდგას, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი დალაგდება.
– რა დალაგდება, ხადურმა, ძველ ნიშნულზე არ ჩამოვა დოლარიო.
– მჯერა, რომ განსაკუთრებული კრიზისი არ იქნება. ამიტომ მშვიდად ვარ და პანიკა არ მაქვს, აი, დღეს უკვე 1,80-ზეა დოლარი და დალაგდება.
ანი მიროტაძე, პარლამენტარი:
– სესხი გვაქვს დოლარში. რა ვქნა, მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ძალიან კარგი იქნება, თუ დაიწევს დოლარი, თორემ მე, ისევე, როგორც სხვებს, საკმაოდ მძიმე პრობლემა მაქვს (ეცინება). ცუდ ხასიათზე ვარ ამის გამო ძალიან. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საგიჟეთი ლართან დაკავშირებით ნელ-ნელა დასტაბილურდება, თუმცა არა მგონია, რომ 1,71-ის ნიშნულზე ჩამოვა დოლარი, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ მაინც დაიწევს. დღეს სულ ვუყურებ და უკვე დაიწია დოლარმა და ცოტა იმედი გამიჩნდა, რომ კიდევ უფრო დაიწევს, რაც შეეხება გადასახადს ბანკში, ჩვენ ძალიან დიდი სესხი გვაქვს გამოტანილი და ყოველთვიური გადასახადის ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ შეშფოთებული ვარ, რადგანაც უკვე 400 ლარზე მეტი მაქვს ზედმეტად გადასახადი, ეგ ზუსტად ვიცი!
ირინა იმერლიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი:
– სესხი როგორ არ გვაქვს, იპოთეკური და თანაც ბინის! როცა სახლს ვიშენებდით, საკმაოდ დიდი სესხი ავიღეთ (პაუზა). რამდენსაც ვიხდიდი, იმდენს გადავიხდი ახლაც, ლარით მაქვს გამოტანილი თანხა, გონივრულად მოვიქეცით? ვაიმე, არ ვიცი (ეცინება), ეტყობა… როცა ბინას ვაშენებდი, ძალიან დიდი სესხი ავიღე, მაგრამ რაც მაბადია, მცხეთის სახლს ვგულისხმობ, იპოთეკაში მაქვს. გადასახადი ზუსტად არ ვიცი, მეუღლეს შეაქვს, მაგრამ ვიცი, რომ სამაოდ ბევრია. კარგ ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, ვნახოთ, როგორ დარეგულირდება დოლარი და შესაბამისად ლარიც.
გუგული მაღრაძე, პარლამენტარი:
-ჩემს სიცოცხლეში არ ამიღია ბანკიდან ვალი! მაინტერესებდა და ვიკითხე და რომ გავარკვიე, რომ 30 000 აიღებ და უნდა დააბრუნო 45 000. ვუთხარი, თქვენ ცუდად ხომ არ ხართ მეთქი (ეცინება)! ეგეთი სისულელეს გაკეთება არ მომინდა! ახლა რომ ვალი მქონდეს და ამ ამბებს ვუყურო? არა, რაა!