ირაკლი ლექვინაძე: ლარის კურსი ათვლის წერტილს აღარ დაუბრუნდება
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსი აუცილებლად დაბალანსდება, თუმცა, ის ათვლის წერტილს ვეღარ დაუბრუნდება.
როგორც ლექვინაძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ სავალუტო ჯიხურების მეპატრონეები ლარის გაუფასურებას ხელოვნურად ახდენდნენ.
,,ვფიქრობ, რყევები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, კურსი აუცილებლად დაბალანსდება. თუმცა ის, ათვლის წერტილს ვეღარ დაუბრუნდება.
ვფიქრობ, სავალუტო ჯიხურებში სპეკულაციური კურსია. ჯიხურის მფლობელები ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ხელოვნურად უწყობენ ხელს ლარის გაუფასურებას, რათა უფრო მეტი ფული იშოვნონ“, – მიიჩნევს ლექვინაძე.
ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებელია როგორც ეროვნული ბანკი, ისე, ეკონომიკური პროფილის სამინისტროები.
,,ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ ეკონომიკურ პროცესზე პასუხისმგებელი არიან ეკონომიკური პროფილის უწყებები, დაწყებული ეროვნული ბანკით და დამთავრებული სხვადასხვა სამინისტროებით. სწორედ ისინი განსაზღვრავენ იმ ეკონომიკურ სტრუქტურასა და ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს, რომელიც საბოლოდ განსაზღვრავს ლარის კურსს“,- აცხადებს ლექვინაძე.
მისივე თქმით, მთავრობას პრობლემებზე სწრაფად რეაგირება უჭირს. ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკურმა გუნდმა უნდა იმუშაოს კოორდინირებულად და შეთანხმებული განცხადებები აკეთოს.
,,მთავრობას ძალიან უჭირს სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება, შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც სწრაფად არის გადასაწყვეტი, დროში იწელება. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ბევრი ინვესტორი აქ შემოსვლაზე უარს ამბობს.
შარშან, როდესაც ასევე შეირყა ლარი, მაშინ მთავარი დარტყმა ნოდარ ხადურმა აიღო საკუთარ თავზე და ამ საკითხზე მთავარი სპიკერობა იტვირთა. ეტყობა, ახლა ხადურმა არცთუ პოზიტიური გამოცდილება გაითვალისწინა და ამიტომაც ერიდებოდა განცხადებების გაკეთებას. აუცილებელია ეკონომიკურმა გუნდმა იმუშაოს კოორდინირებულად, ასევე შეთანხმებული განცხადებები აკეთოს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ისეთ დაბნეულობასა და შფოთს, რაც გასულ კვირას ქვეყანაში ხდებოდა“,-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.