“ჩეჩნური ინტრიგა” – ყოფილი სპეცსამსახურელის სკანდალური ინტერვიუ
ე.წ. გასაღების თემა ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მაგალითად,“რესპუბლიკელებმა” პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად და იმის სადემონსტრაციოდ გამოიყენეს, რომ კოალიციაში ყველა ერთნაირად არ ფიქრობს – ამის შესახებ უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართული სიტყვისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
“ეს უბრალოდ, საბაბი იყო, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აეწიათ და, საბოლოოდ, იმ ცვლილებების საკითხი დამდგარიყო, რაზეც “ქართული ოცნება” საარჩევნო დაპირებებში საუბრობდა, თორემ “გასაღების” პრობლემის გადაწყვეტა ძალიან მარტივია. როგორი კანონიც უნდა იყოს, ვერავინ იტყვის, რომ უკანონო მოსმენების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება და ამისგან დაზღვეული ერთი ქვეყანაც არაა, მაგრამ აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად კანონში უნდა იყოს მოქცეული და სპეცსამსახურებს უკანონო მოსმენის ნაკლები საშუალება ჰქონდეთ… “გასაღებზე” ამდენი დისკუსია საჭირო არ იყო – შეეძლოთ, კანონში ერთი სიტყვა ჩაეწერათ, შსს-სა და, საერთოდ, სპეცსამსახურს მოსმენა სასამართლოს ნებართვის გარეშე არ შეუძლიაო და ყველაფერი მორჩებოდა ზოგიერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მაგალითად, “რესპუბლიკელებმა”, საზოგადოებას დაანახეს, რომ ერთიანობის მიუხედავად, “ოცნებაში” ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებები არსებობს, თორემ ხალხისთვის რა მნიშვნელობა აქვს, გასაღები ვის ექნება?! კონტროლი კანონის შესრულებაზე უნდა არსებობდეს. თუ ეს კონტროლი სასამართლოს მხრიდანაა, მაშინ მასობრივ უკანონო მოსმენებზე ლაპარაკი გამოირიცხება“, -აცხადებს ფორჩხიძე.
ფორჩხიძე ბოლო დროს გააქტიურებულ იმ ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებსაც აფასებს, რომლებიც თავს რუსეთს აფარებენ.
– კახა თარგამაძე ამბობს, ჩეჩნების კოდორში გადაადგილებაზე უშიშროების მაშინდელმა მინისტრმა, ვახტანგ ქუთათელაძემ ჩემგან შეიტყოო, მაგრამ ეს რა სისულელეა?! ასი პროცენტით ვაცხადებ, რომ ჩეჩნების გადაადგილებას შს სამინისტრო აკონტროლებდა და ამის მოწმეებიც არსებობენ! ერთ-ერთი მოწმე მეც ვარ! დიახ, გადაადგილება შსს-ს შინაგანი ჯარების სარდლისა და ტყიბულის ბატალიონის მეთაურის, დავით ღვინჯილიას მეთაურობით ხდებოდა! თარგამაძე თავს იმართლებს, პრეზიდენტი ჟვანია უნდა გამხდარიყო და მე რა შუაში ვარო, მაგრამ ჟვანია პრეზიდენტი მხოლოდ 45 დღით გახდებოდა. იცით, ამ ამბავთან დაკავშირებით სიმართლე რა არის? რა და, – მაშინ ქვეყანა თარგამაძემ კი არა, უშიშროების სამინისტრომ, მინისტრმა ვახტანგ ქუთათელაძემ და ნუგზარ საჯაიამ გადაარჩინეს!.. ეს ხალხი სოფელ ურთაში მე გავაჩერე და თბილისში ტელეფონოგრამა გამოვაგზავნე. ჩემთან ერთად იყვნენ ლერი ქვარაია, მალხაზ პაჭკორია. ჩეჩნებს ვინმე ხასანი მეთაურობდა. ჩემს მიერ გამოგზავნილი ტელეფონოგრამა არქივშია შენახული, მაგრამ ამოღება არ შეიძლება. ჰკითხეთ გია შერვაშიძეს, შსს-მ ჩეჩნებს მანქანები აღარ მისცა – შერვაშიძემ “მოტეხა” იმიტომ, რომ მიხვდნენ, ყველაფერი “გაიშიფრა”. ამის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკება დაიწყეს, რომ ჩეჩნების კოდორის ხეობაში ასაყვანად მანქანები გამოეყო, კადრებშიც ჩანს, რომ მანქანებს თავდაცვის სამინისტროს სანომრე ნიშნები აქვთ, ანუ ყველაფერი დავით თევზაძეს დააბრალეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია“-აცხადებს ფორჩხიძე.