ვახტანგ კაპანაძემ სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედროები დააჯილდოვა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონია დღეს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში “ორბი” გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედროებს სპორტულ ტურნირში მიღწეული წარმატება მიულოცა და მედლები გადასცა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა ხელჩართული ბრძოლის საერთაშორისო ტურნირში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრება 9 წონით კატეგორიაში გაიმართა. ქართველმა სამხედროებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი აიღეს და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.
საერთაშორისო ტურნირი თავისუფალი ორთაბრძოლების საერთაშორისო ფედერაციისა და ხელჩართული ბრძოლების ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრებაში ქართველ სამხედროებთან ერთად, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, უზბეკეთისა და ირანის ნაკრები გუნდებიც მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები