ედუარდ შევარდნაძის 10-წლიანი ფარული რომანი – „შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც, მაგრამ ნანული არაფერს ამბობდა“

შენნაირი ქალი არ შემხვედრიაო, მეუბნებოდა ხოლმე. მასაც ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა…

შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც, მაგრამ ნანული არაფერს ამბობდა

“ჩემს ცხოვრებაზე იშვიათად ვლაპარაკობ ან უფრო ზუსტად – თითქმის არასდროს ვლაპარაკობ…” – იწყებს საუბარს ჩემი მასპინძელი, ასაკოვანი ქალბატონი ანა-მარია კიპაროიძე და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ესმის, რუსულად ამჯობინებს თავისი ტკივილიანი ცხოვრების ექსკლუზიურად – “გზის” მკითხველისთვის მოყოლას.

– ესპანელი ვარ, ვალენსიიდან და წლინახევრის ვიყავი, საქართველოში რომ ჩამომიყვანეს. 1938 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და დოლორეს იბარურიმ (ესპანეთისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე – ავტ.) ყველა კომუნისტის შვილი აქ ჩამოიყვანა. თურმე კისერზე პატარა დაფა მეკიდა წარწერით – ანა მარია დიეგოს – ეს ჩემი სახელი და გვარი იყო. ასე მოვხვდი კოჯრის უდედმამო ბავშვთა სახლში. უბედური მამაჩემი წლების განმავლობაში თავისი გვარით მეძებდა, მაგრამ მე ხომ გვარი გამომიცვალეს! – კოჯრის ბავშვთა სახლიდან გრიგოლ იოსების ძე კიპაროიძის ოჯახმა წამომიყვანა. ეს კაცი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი ცოლი გვარად მირონოვა გახლდათ, რუსი მსახიობის, ანდრეი მირონოვის დედის – მარიას ღვიძლი და.

კიპაროიძეს და მირონოვას შვილი არ ჰყავდათ და გრიგოლ იოსების ძემ გადაწყვიტა, შვილი კოჯრის ბავშვთა სახლიდან აეყვანათ. მას ესპანეთიდან ჩამოყვანილი ბავშვების სია ჰქონდა, გადაათვალიერა და მეუღლეს დაავალა, ადი კოჯორში და ერთი ბავშვი შეარჩიე – მნიშვნელობა არ აქვს, გოგონა იქნება თუ ვაჟი. იქიდან უბავშვოდ არ დაბრუნდე, თორემ გპირდები, შინიდან წავალო. ბავშვთა სახლის დირექტორს მირონოვასთვის უთქვამს ჩემზე: ეს ბავშვი წაიყვანეთ, აქ დიდხანს ვერ გაძლებს, მოკვდებაო. იმ ბავშვებში ყველაზე პატარა მე ვიყავი და ალბათ ძალიან მიჭირდა მშობლების გარეშე. ამიტომ მირონოვამ მე ამირჩია.
ოჯახში ხორცის კერძს რომ აკეთებდნენ, პირს არ ვაკარებდი (სხვათა შორის, ხორცის გემო დღემდე არ ვიცი; არც შაქარი გამისინჯავს ოდესმე, პრინციპში, ძალიან ცოტას ვჭამ და ლუდის გარდა, არანაირ ალკოჰოლურ სასმელს არ ვიღებ, ღვინო და არაყი ცხოვრებაში არ გამისინჯავს). როგორც ჩანს, კიპაროიძეს შეეშინდა, ბავშვს რაიმე ხომ არ სჭირსო და ექიმთანაც კი წამიყვანა გამოკვლევაზე. საბოლოოდ მიხვდნენ, რომ არაფერიც არ მჭირდა და ჩემი ორგანიზმი ყველანაირ საკვებს ვერ იღებდა.

GzaPress

– ვცხოვრობდით ვერაზე, ივანე ჯავახიშვილის (ახლანდელი ზანდუკელის ქუჩა – ავტ.) 11 ნომერში. 3 ნომერში საცოდავი მერაბ კოსტავა ცხოვრობდა, უნიჭიერესი და უსაყვარლესი ადამიანი, მასთან ძალიან ვმეგობრობდი, მის დედასთანაც – ლიზასთან, რომელიც ხშირად მეპატიჟებოდა ხოლმე ყავაზე, თან დააყოლებდა: რა გოგო ხარ, ნეტავ, ჩემმა შვილმა შენნაირი კარგი გოგო შეირთოს ცოლადო (იცინის). ასევე, ძალიან ვმეგობრობდი ზვიად გამსახურდიასთანაც. ჩვენს მეზობლად, ჯავახიშვილის 7 ნომერში ცხოვრობდა ცნობილი მხატვარი კოკა იგნატოვი, რომელიც საფრანგეთში გარდაიცვალა, 9 ნომერში კი – ფეხბურთელი დათო ყიფიანი, მისი მამა ყელყურცხვირის ექიმი იყო, თავი მოიკლა… ხომ ხედავთ, ყველაფერი შესანიშნავად მახსოვს… ალბათ, ამ უნარით ღმერთმა დამაჯილდოვა (იღიმის)!

– ქვეცნობიერად ალბათ დარდობდით ღვიძლ დედ-მამაზე… ახალ გარემოს როგორ შეეგუეთ?

– რა თქმა უნდა, ჩემი წარმომავლობის შესახებ არაფერი ვიცოდი და დედ-მამად მირონოვასა და კიპაროიძეს მივიჩნევდი. გრიგოლ იოსების ძეს ძალიან ვუყვარდი. ეზოში შემოსვლისთანავე უპირველესად მე მომიკითხავდა, – ია (ასე მეძახდა) სად არისო? მისი ცოლისგან კი არასდროს მიგრძნია სითბო. თითქოს არ ვუნდოდი და იძულებით ურთიერთობდა ჩემთან… მართალია, ვერ ვათვითცნობიერებდი, ასე რატომ მექცეოდა, მაგრამ… საერთოდაც, ვგრძნობდი, თითქოს იქ ჩემი ადგილი არ იყო… 1962 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, კიპაროიძის დედამ რომ მიმიხმო ოთახში: შვილო, ჩემთან შემოდიო – ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და ცხადია, ჩემი ბებია მეგონა. მისი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება: წინ დიდი ცხოვრება გელოდება და უნდა იცოდე, შენ ჩვენი რჯულის არ ხარო. გეფიცებით, ზუსტად ასე მითხრა (ცრემლი მოერია – ავტ.)… მე კი ეს ოჯახი მშობლიური მეგონა… მამაზე ჭკუას ვკარგავდი, ისევე, როგორც თვითონ – ჩემზე… გრიგოლ კიპაროიძე რომ დაბრუნდა და ეს ამბავი გაიგო, ოჯახში დიდი სკანდალი მოაწყო. ბავშვს ეს როგორ უთხარიო, – ძალიან ეჩხუბა დედამისს, მაგრამ ამ უკანასკნელს მაინც სჯეროდა, რომ სწორად მოიქცა. ძალიან ემოციური ვარ და ამ ამბავმა შოკში ჩამაგდო. უკვე ყველას სხვა თვალით დავუწყე ყურება, გარდა… თვითონ გრიგოლ იოსების ძისა. ის განსაკუთრებულად მიყვარდა და იმსახურებდა კიდეც ჩემს სიყვარულს. იას ხომ მეძახდა, კიდევ მეორე სახელიც დამარქვა – ლილი… ლილი მის საყვარელს ერქვა და იმიტომ… საზღვარგარეთის პასპორტში “ია ლილი” მიწერია, პირადობის მოწმობაში კი – მხოლოდ ია, მაგრამ… საპასპორტოში რატომღაც სქესი გამომიცვალეს (მოწმობას მაჩვენებს – ავტ.) – მამრობითი ჩამიწერეს…
მესამე კურსზე ვსწავლობდი, რომ გავთხოვდი და საცხოვრებლად მეუღლესთან, საბურთალოზე, ამ სახლში გადმოვედი. ჩემი მამამთილი გენერალ-პოლკოვნიკი იყო, მეუღლე ვლადიმერ ვლადიმერის ძე კუზმინი კი – ატომური ფიზიკის დარგში პროფესორი, მცხეთის ატომური რეაქტორის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ანდრეი სახაროვის მოსწავლე. ერთი ქალიშვილი გვეყოლა. დედამთილი ებრაელი იყო, თვალში არ მოვდიოდი და თითქოს არც ვარსებობდი, ისე იქცეოდა. ვეღარ გავძელი და შვილთან ერთად შინ დავბრუნდი, ჯავახიშვილზე. მერე ჩემი წარმომავლობის ამბავი გავიგე და გითხარით, რა დღეშიც ჩავვარდი. კიპაროიძე იმავე წელს გარდაიცვალა, დიდხანს არც დედამისს უცოცხლია.

GzaPress

ყველაფრის მიუხედავად, 1963 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დავამთავრე. ჩემი პედაგოგი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ვერა დავიდოვა (ცნობილი საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო – ავტ.) იყო. 1965 წელს კი, უკვე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტმა (იმხანად თეატრის მთავარი დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი იყო), დავამთავრე ასპირანტურა. კარგა ხანს პარალელურად, კონსერვატორიის პედაგოგად ვიმუშავე, იმხანად ჩვენს – სოლო სიმღერის კათედრას ნოდარ ანდღულაძე ხელმძღვანელობდა. ძალიან განვიცადე მისი სიკვდილი. გარდაცვალებამდე ვინახულე. ეტლს იყო მიჯაჭვული. თვალცრემლიანი რომ დამინახა, შემევედრა, – ოღონდ არ იტიროო. მახსოვს, ერთხელ კათედრის სხდომაზე ყველას გამოუცხადა, არ გეწყინოთ, მაგრამ ასეთი სმენის მქონე პედაგოგი (ჩემზე) არც არასდროს გვყოლია და არც გვეყოლებაო. სხვათა შორის, ვიგრძენი, ჩემს კოლეგებს არ ესიამოვნათ ეს ნათქვამი…

მერე, 1992 წელს, საქართველოში არეულობა რომ დაიწყო, მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად და მოსწავლეები ავიყვანე ვოკალში სამეცადინოდ, ქალიშვილი და შვილიშვილი კი თბილისში დარჩნენ. ჩემს შვილს ხშირად ვესაუბრებოდი ტელეფონით, 2007 წელს კი ცოტა ხნით ჩამოვედი თბილისში, ამ სახლში მოვედი და მეზობლისგან საშინელი ამბავი შევიტყვე – ჩემი ქალიშვილი დაღუპულიყო. შვილიშვილი მამის მშობლებთან იზრდებოდა, მოვძებნე და ეს სახლი მთლიანად გადავუფორმე. თბილისში აღარაფერი გამაჩნია, რომანოვამ ჯავახიშვილის სახლი გაყიდა და სხვაგან გადავიდა. მე რომ დავბრუნდი, ისიც გარდაცვლილი დამხვდა. ჩემი სახლიც მქონდა და ის თვითონ გავყიდე, ასე რომ, ფაქტობრივად, უსახლკაროდ ვარ…

– ესპანეთში თქვენი ოჯახი არ მოძებნეთ?
– 1973 წელი იქნებოდა, ოპერის თეატრის სოლისტი ვიყავი. ერთ მშვენიერ დღეს შინ კა-გე-ბეს უწყება დამხვდა – მისი იმჟამინდელი შეფი ალექსი ინაური მიბარებდა. გავოგნდი, ცხოვრებაში კა-გე-ბესთან საქმე არ მქონია. მოკლედ, გამოვცხადდი ინაურთან – ოთახში ჟღალი, უსიმპათიო მამაკაცი დამხვდა და მეუბნება, – თქვენს სახელზე ესპანეთიდან მოწვევა მოვიდა, მაგრამ მარტოს ვერ გაგიშვებთ, მხოლოდ ტურისტულ ჯგუფთან ერთად შეძლებთ წასვლასო. აბა, ჯგუფი სად მეპოვნა, ამიტომ უკან გამოვბრუნდი. ერთადერთი, ინაურის ნებართვით, ჩემი ოჯახის წევრების – ძმისა და მამის გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი ამოვიწერე და დავრეკე კიდეც. გერმანულად კარგად ვლაპარაკობ და ძმასაც ტელეფონზე გერმანულად დაველაპარაკე. გაოგნდა, რომ ვუთხარი, ვინც ვიყავი. ავუხსენი, რომ არ მიშვებდნენ. მამა ცოცხალი იყო და როგორც ჩანს, საქართველოში საკმაოდ მკაცრი შინაარსის წერილი გამოაგზავნა: – თუ ჩემი ქალიშვილი დაჭერილია, მაშინ მაცნობეთ მისი ადგილსამყოფელი, თუ არადა, უფლება მიეცით, აქ ჩამოვიდესო. უკვე 1985 წელი იდგა, საბჭოთა კავშირის ლიდერობა ის-ის იყო, გორბაჩოვმა გადაიბარა, როცა ინაურმა მეორედ დამიბარა და გაცეცხლებულმა მომახალა: – ვინ მოგცათ ამდენი უფლება, რომ ესპანეთში დარეკეთ? ნახეთ, რა ქაღალდი გამომიგზავნესო – დავინახე, ფურცელზე წითლად იყო გახაზული: დაუყოვნებლივ გაუშვით! გავნერვიულდი და ცრემლები წამსკდა, – ნუთუ ჩემი მშობლების ნახვის უფლება არ მაქვს-მეთქი? – უხეშად მომახალა: – კარგი, მიდიხართო და… ასე გავემგზავრე მოსკოვის გავლით ესპანეთში. მადრიდში რომ ჩავფრინდი და ტრაპი ჩავიარე, მუხლები მომეკვეთა. სტიუარდესამ სკამი შემომაშველა, თორემ წავიქცეოდი. უცებ დავინახე, მაღალი, ძალიან სიმპათიური კაცი მორბის და მეძახის: “ანა მარია!” იმწამს მივხვდი, რომ ჩემი ძმა იყო (ატირდა). ვალენსიაში მამასთან შეხვედრა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა – ორივენი ვტიროდით. დედა ცოცხალი არ იყო, ძმაზე მშობიარობას გადაჰყოლია… 10 დღეში უკან უნდა დავბრუნებულიყავი. მამა მეხვეწებოდა, – არ წახვიდეო, მაგრამ რა მექნა? სამსახურს ვერ მივატოვებდი. მამა ერთ წელიწადში გარდაიცვალა. ძმამ დამირეკა, მამამ მემკვიდრეობა დატოვა და აუცილებლად უნდა ჩამოხვიდე, ერთად უნდა გავხსნათო. ავუხსენი: ხოსე, მე არაფერი მინდა, სამი შვილი გყავს და თქვენ მოიხმარეთ. ამის დასტურად ნოტარიულად დამტკიცებულ დოკუმენტს გამოგიგზავნი-მეთქი. მადლობები მიხადა. ხოსე ახლა საფრანგეთში, მარსელში ცხოვრობს ფრანგ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. მეტად ერთმანეთი აღარ გვინახავს, მხოლოდ ტელეფონით ვსაუბრობთ ხოლმე…
– როგორც ვიცი, ედუარდ შევარდნაძეს კარგად იცნობდით…
– ოო, მასთან 10-წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მაკავშირებს. რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა. არ დაგიმალავთ და, ერთ დროს ძალიან საინტერესო ქალი ვიყავი. ვახტანგ ჭაბუკიანი მეტყოდა ხოლმე, – როგორ იგრძნობა, სხვა მოდგმის რომ ხარო. გახსოვთ, ქართული ფილმი “ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”? რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა ფილმისთვისაც გადამიღო სასინჯი კადრები.

GzaPress

მოკლედ, იმხანად კრიმინალურ სამსახურს ბორია რუხაძე ხელმძღვანელობდა. მე მყავდა უახლოესი მეგობარი ცისანა ხანთაძე, რომელიც ბორიას ხვდებოდა. ერთხელაც მითხრა, – ბორიამ დამპატიჟა რესტორანში და შენც წამოდი, მარტო არ მინდა წასვლაო. მართლაც წავედით. ჩემ პირდაპირ უცნობი მამაკაცი იჯდა, ედუარდ ამბროსის ძე ყოფილა. 5 იანვარს მისი დაბადების დღე იყო (დღემდე მახსოვს). თანამშრომლებმა წვეულება მოუწყეს და ბლომად ხალხი შეკრებილიყო. ლუდის გარდა არაფერს ვსვამ, იქ კი ლუდით ხომ არ იქეიფებდნენ? საუკეთესო სასმელები ჰქონდათ. ყველა ამბობდა სადღეგრძელოს, იუბილარი კი არც სვამს, არც ხმას იღებს. მე სულელმა, ერთი სირჩა კონიაკი გადავკარი, ცხოვრებაში პირველად და “დამარტყა” კიდეც თავში – მაგრად დავთვერი. უცებ წამოვხტი და, – ვინ არის ეს (ცუდი სიტყვით მოვიხსენიე), აქ რომ დამჯდარა და არც სვამს, ხმასაც არ იღებს-მეთქი? ბორიამ ფეხზე დამაბიჯა, ეგებ გაჩუმდესო, მე კიდევ, – რას მაბიჯებ, თავი დამანებე-მეთქი, – ხელი ავუქნიე. უცებ “ის უცნობი” წამოდგა ჭიქით ხელში და, – ასეთ ქალს გაუმარჯოს, ყველაფერს პირში რომ გეტყვის, აბა, თქვენ ხართ? აქ ტკბილად რომ ლაპარაკობთ, ზურგს უკან კი კაცმა არ იცის, რას იტყვითო. უცებ გამოვფხიზლდი და ბორიას ვთხოვე, აქედან გამიყვანე-მეთქი. ბორია მეუბნება, გაგიჟდი, ეს იცი ვინ არისო? და ამიხსნა. ისე შემეშინდა, სუფრასთან თავჩაქინდრული დავბრუნდი. ედუარდ ამბროსის ძე, ცხადია, ყველაფერს მიხვდა. შინ მან გამაცილა და ტელეფონის ნომერიც მთხოვა. მივეცი და ერთ თვეში დამირეკა, გამომიარა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მერე და მერე, რომ მაკითხავდა, ძალიან ფრთხილობდა, ვინმეს არ შეემჩნია. მესამე სართულზე, პარმაღზე ვიდექი ხოლმე და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. და კიდევ, რაც გაიგო, მხოლოდ ლუდს ვსვამდი, საუკეთესო ლუდით მამარაგებდა ხოლმე.

– ძალიან გიყვარდათ?

– დიახ, რაც მართალია – მართალია. არასდროს მავიწყდება, ერთხელ რომ გამომიარა შინ, დაჯდა სავარძელში (რუმინული ავეჯი მქონდა) და მითხრა: იცი, სახლიდან უნდა წამოვიდეო. შევიცხადე: რას ამბობთ, ედუარდ ამბროსის ძევ-მეთქი?! – ვერასდროს ვეძახდი “ედიკს”, არ შემეძლო. ყოველთვის თქვენობით ველაპარაკებოდი. არ ვიტყუები, გეფიცებით, მართლა არ შემეძლო. რაღაც ზღვარს ვერ ვაბიჯებდი… და ვუთხარი: თუ თქვენ ოჯახიდან წამოხვალთ, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესმება. სხვისი ოჯახი არასდროს დამინგრევია და არც არასდროს მივცემ თავს ამის უფლებას, როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ-მეთქი. გაცოფდა. მაშინვე წამოხტა ფეხზე და გაიქცა.
– ძალიან ახლოს იყავით ერთმანეთთან და რა ზღვარი გაფერხებდათ?
– ვერ აგიხსნით, თუმცა… ხომ მკაცრი და დაუნდობელი ჩანდა, არადა, იცით, რა მსუბუქი იყო პირად ურთიერთობაში? იშვიათი სულის ადამიანი იყო… ერთ ეპიზოდს გიამბობთ: ის-ის იყო, ოპერის თეატრში “ტოსკას” რეპეტიცია დავასრულე და გამოვედი, რომ უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა: კიპაროიძე ბრძანდებითო? ჩემი დასტურის შემდეგ მთხოვა, მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მერე მითხრა, ედუარდ ამბროსის ძემ გამომგზავნა, ხვალ მოსკოვში უნდა გაფრინდეთ, აი, თქვენი ბილეთიო – მომაწოდა. იმ პერიოდში შევარდნაძე უკვე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მოსკოვში ცხოვრობდა. თეატრში გავეთავისუფლე, არადა, ედუარდ ამბროსის ძესაც დაერეკა ჩვენს დირექტორ დიმიტრი მჭედლიძესთან და ერთი კვირით ჩემი გათავისუფლება უთხოვია. მეორე დღეს ჩავფრინდი მოსკოვში. ტრაპთან მამაკაცი დამხვდა და მანქანით დომოდედოვოში, შევარდნაძის რეზიდენციაში წამიყვანა. მისაღებ ოთახში დავჯექი, ჟურნალების თვალიერება დავიწყე და ტელეფონმაც დარეკა: – ჩამოხვედიო? – ედუარდ ამბროსის ძე იყო. – ერთ საათში მოვალ, მანამდე რაიმე შეჭამე, დალიე, წაიკითხე და თავი შეიქციეო, – დააყოლა. მართლაც ერთ საათში მოვიდა – სიტყვას არასდროს გატეხდა. წამოსვლისას კატეგორიულად მითხრა: – ბოლოს და ბოლოს, გამაგებინე, ნუთუ არ შეგიძლია, ედიკი დამიძახოო? – მშვიდად ვუპასუხე: – მაპატიეთ, არ შემიძლია-მეთქი.

– საწოლშიც არ ეძახდით “ედიკს”?

– არა, რას ამბობთ! ძნელი წარმოსადგენია, არა? და მაინც, ასე იყო… 2007 წელს მოსკოვიდან თბილისში რომ დავბრუნდი, ამ სახლში მომძებნა და დამირეკა – ყოფილი “კა-გე-ბეშნიკი” იყო და ეს გაუჭირდებოდა? – როგორ ხარო? – მკითხა თუ არა, მაშინვე ვიცანი ხმით. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მითხრა, ბინა იქირავე და შევხვდეთო. ნანული უკვე გარდაცვლილი იყო და… რატომღაც უარი ვუთხარი. ბოლო პერიოდში კრწანისის რეზიდენციიდან დამირეკა, ძალიან ცუდად ვარ, არ მგონია, ამ წელს გადავრჩეო და იქ გასვლა მთხოვა. არ წავედი – მის ქალიშვილთან შეხვედრა არ მინდოდა.
– მისმა ოჯახმა თქვენი ამბავი იცოდა?
– შვილებმაც იცოდნენ და ნანულიმაც, მაგრამ ნანული არაფერს ამბობდა. არც არავინ ამბობდა რაიმეს, არავინ ჭორაობდა ჩვენს ურთიერთობაზე.
– ძალიან უყვარდით?
– შენნაირი ქალი არ შემხვედრიაო, მეუბნებოდა ხოლმე. მასაც ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა… საოცრად განვიცადე მისი სიკვდილი. ვერ მოვითმინე და სამძიმარზე მივედი…
აი, ასე იყო ჩემი ამბავი. ახლა კვლავ წასვლას ვაპირებ მოსკოვში – შვილიშვილი გათხოვილია, ბათუმში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად და ვხედავ, რომ ძალიან ბედნიერები არიან, მე კი იქ უკეთ ვგრძნობ თავს, მოსკოვის ჰავა მიხდება. აქ სულ წნევა მაქვს და ყოველდღე “სასწრაფოს” ბრიგადის გამოძახება მიწევს, მოსკოვში წნევა რა არის, არ ვიცი, ამიტომ მომავალ წელს უეჭველად წავალ.
დილა-საღამოს ვლოცულობ (კათოლიკე ვარ) და ღმერთს ვევედრები, 3-4 წელიწადი კიდევ მაცოცხლოს, რომ ადამიანებს რაიმე სარგებელი მოვუტანო, რამდენიმე ადამიანს გადავცე ჩემი ცოდნა და გზაზე დავაყენო, მერე კი…

ირმა ხარშილაძე

წყარო: http://www.gzapress.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები