“მიხეილ სააკაშვილმა “კანონიერ ქურდებს” საქართველოში არეულობის მოწყობა სთხოვა”

სააკაშვილმა ოთხ კანონიერ ქურდს საქართველოში არეულობის მოწყობა სთხოვა -ამ სათაურით გაზეთი “ვერსია“ “უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარესთან ნიკოლოზ მჟავანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
მჟავანაძის თქმით, “კრიმინალურ ავტორიტეტებთან” კავშირი“ ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერს, მათ შორის, გივი თარგამაძეს ჰქონდა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა და ახლაც მონაწილეობს. ე.წ. კანონიერი ქურდების ამ ჩამონათვალში რამდენიმე პოპულარული პირიც ფიგურირებს, მაგალითად აფხაზი “ქურდი” ანთიმოზ ქუხილავა და ამირან ებრალიძე. მჟავანაძის ინფორმაციით, ამ ადამიანებს ნაციონალების მაღალჩინოსნებთან დღემდე აქვთ კავშირი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად კი საქართველოს ციხეებში არეულობასა და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების შექმნას გეგმავენ. „ნაციონალებმა“ თავად მიიღეს კანონი, რომ თუ ადამიანი “ქურდი” იყო, მაშინვე და უპირობოდ უნდა დაეკავებინათ. ამ კანონშიც ბევრი კითხვის ნიშანია. ჯერ მარტო ისაა გაუგებარი, ადამიანს “კანონიერი ქურდობა” როგორ უნდა დაუმტკიცო, მაგრამ კანონი იცნობს ამ ტერმინს. თუმცა რამდენიმე “კანონიერი ქურდი” სწორედ „ნაციონალების“ დროს ისე შემოვიდა საქართველოში და ისე გავიდა ქვეყნიდან, ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ამ პირების ჩამონათვალი და საზღვარზე შემოსვლა-გასვლის კონკრეტული დოკუმენტაცია მოვიპოვე. ეს ადამიანები არიან: ანთიმოზ ქუხილავა, რომელიც წარმოშობით გულრიფშიდანაა. იგი თვითმფრინავით უკრაინიდან შემოვიდა, 2009 წლის 28 მაისს და ქვეყანა 29 მაისს, მეორე ღამეს, სარფის საზღვრიდან დატოვა; კახა ჯანგველაძე, რომელიც 2009 წლის თებერვალში შემოვიდა საქართველოში და უკან, სადახლოს გამშვები პუნქტიდან იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ გავიდა; კოსტა ბობოხიძე საქართველოში უკრაინიდან 2009 წლის 9 თებერვალს შემოვიდა, თბილისის აეროპორტით და სარფის გამშვები პუნქტიდან მეორე დღეს, 10 თებერვალს, 12 საათზე გავიდა; უკრაინიდან შემოვიდა ამირან ებრალიძეც, ასევე 2009 წლის 29 ოქტომბერს და მეორე დღეს სადახლოს გავლით დატოვა ქვეყანა. ამ ინფორმაციის ნამდვილობაში დარწმუნებული ვარ და მოვუწოდებ ხელისუფლებას, მონაცემები ოფიციალურად დაადასტუროს. პროკურატურამ კი, ამ ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება უნდა დაიწყოს და იმ კონკრეტული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს, ვინც ე.წ. კანონიერ ქურდებს ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევდა. გამოდის, წინა ხელისუფლებას თავად ჰქონდა კავშირი “კრიმინალურ ავტორიტეტებთან”. სააკაშვილი ერთი ხელით ქურდულ სამყაროს ებრძოდა, მაგრამ ამ სამყაროს ზოგიერთ წარმომადგენელთან საკმაოდ ახლო ურთიერთობაც ჰქონდა. სააკაშვილი ბრძოლას მხოლოდ იმას უცხადებდა, ვინც მას არ ემორჩილებოდა. სწორედ ამის გამო დაიჭირეს “კანონიერი ქურდი” “ტარასა”, სხვები კი, რატომღაც ქვეყანაში თავისუფლად დადიოდნენ. არადა, ძველმა ხელისუფლებამ შესანიშნავად იცოდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მით უმეტეს, ქუხილავა, რომელიც ძალიან ცნობილი “ქურდია” და მის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ ეს ადამიანები უკრაინაში კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდნენ და ამის გამო პასუხისგებაშიც არიან მიცემულნი“,-აცხადებს მჟავანაძე. მისივე თქმით, ახლახან, სააკაშვილი ქუხილავას შეხვდა და მას საქართველოში არეულობის მოწყობაში დახმარება სთხოვა. “ქურდული სამყაროს ამ წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის კრიმინოგენურ მდგომარეობაზეც აქვთ გარკვეული გავლენა და ციხეებში, სადაც დღეს, ვითარება ხელოვნურად იძაბება – ყოფილი მსჯავრდებულები ამბობენ, ადრე გაუპატიურებაზე ვერავინ ამოიღებდა ხმას და ახლა, პატიმრები ჩინურ მასაჟებს ითხოვენო. მათ ვიღაც აგულიანებს. ეს “კანონიერი ქურდები” გარეთ ვითარების არევასა და ისე წარმოჩენაზე მუშაობენ, თითქოს საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა. ამ ყველაფერს გადამოწმება სჭირდება და საქმეში შესაბამისი სტრუქტურებიც უნდა ჩაერთონ. ყველაფერს „ნაციონალები“ და ყოფილი მაღალჩინოსნები კურირებენ“მ-აცხადებს მჟავანაძე. გაზეთი “ვერსია”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები