ლევან მამალაძე: ხიდაშელი სააკაშვილს უკანონო ქმედებებს „უპრავებდა“

შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსანი ლევან მამალაძე, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დაუსწრებლად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თინა ხიდაშელს დებატებში იწვევს.
მამალაძე “ასავალ-დასავალისთან“ ინტერვიუში 2003 წლის არჩევნებს იხსენებს და აცხადებს, რომ მის დასამარცხებლად ხიდაშელი სააკაშვილის დავალებით ყველაფერს აკეთებდა.
ყოფილი გუბერნატორის მტკიცებით, მაშინ ხიდაშელმა სააარჩევნო კომისიის წევრებიც დააშინა. “2003 წლის არჩევნების წინ, როდესაც ბოლნისში კენჭს ვიყრიდი, სააკაშვილმა თინა ხიდაშელი პირადად მომიჩინა. ყველაფერს აკეთებდა ჩემს დასამარცხებლად, თუმცა დეპუტატი მაინც გავხვდი, უბრალოდ სასაცილო იყო, ბოლნისში არჩევნები წამეგო, მაშინ ხიდაშელმა კომისიის წევრებიც კი დააშინა. სასამართლოში იმ შედეგს, რომ ვერ მიაღწიეს, რასაც სააკაშვილი მოითხოვდა, ბოლოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ლადო ჭანტურიას შანტაჟი მოუწყვეს და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დააწერინეს, ანუ ხელისუფლების უზურპაცია ხიდაშელის მეშვეობით ხდებოდა. იგი სააკაშვილს უკანონო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს „უპრავებდა“. საზოგადოება რომ დარწმუნდეს ჩემს სიმართლეში, თინა ხიდაშელს პირდაპირ ეთერში, დებატებში ვიწვევ! ახლა არ დაიწყოს, დეპუტატი ვარ და პოლიტდევნილებთან არ დავჯდებიო. “რუსთავი 2“ ხომ არის მათი მხარდამჭერი ტელევიზია, ყოველი შემთხვევისთვის ერთი პერიოდი მაგათი ქვეშევრდომები იყვნენ, თუნდაც ამ არხის ეთერში! საზოგადოებას ყველაფერს მოვახსენებ, რასაც ხიდაშელი აკეთებდა. როგორ აიძულა უზენაესი სასამართლო, ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის, მანდატი გაეუქმებინათ. რა გზებით მოახერხეს უზენაესი სასამართლოს ხელში ჩაგდება და ა.შ. ჩემს წინააღმდეგ შავი პიარი – ნიანგებისა და და ე.წ. ოქროს ზოდების შესახებ მისი და სააკაშვილის მოგონილი იყო“,-აცხადებს ლევან მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები