გიორგობას მომხდარი ტრაგედია: მთელი ოჯახი მანქანაში ჩაიფერფლა…

გიორგობას, 23 ნოემბერს, ტრაგედია დატრიალდა ბოლნისი-კაზრეთის გზაზე – თბილისისკენ მომავალი “ემელის” მარკის ჯიპი სოფელ ცურტავთან ჯერ გარე განათების ბოძს, შემდეგ კი გაზის მილს შეასკდა და აფეთქდა.
მანქანაში მუსხელიშვილების ოჯახი იჯდა: ცოლ-ქმარი მამუკა მუსხელიშვილი და მადონა სამნიაძე, 7 წლის მარიამთნ და 12 წლის მერაბთან ერთად, სოფლიდან თბილისში ბრუნდებოდა. გამვლელს ბავშვის კივილის ხმა რომ გაუგონია, ცეცხლმოკიდებული მანქანის კარის გაღება უცდია, მაგრამ, საუბედუროდ, ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ შეძლო დახმარება, დამწვრობა გამვლელმაც მიიღო. მთელი ოჯახი მანქანაში ჩაიფერფლა.
მუსხელიშვილები კაზრეთელები იყვნენ, მაგრამ კარგა ხანია თბილისში ცხოვრობდნენ. ბავშვები ვაზისუბანში, 163-ე საჯარო სკოლაში სწავლობდნენ. იქ მისულს თვალცრემლიანი პედაგოგები და მშობლები დამხვდნენ.
ლალი ჭიღლაძე მუსხელიშვილების ახლო მეგობარი: – მერაბი ჩემი პატარა ბიჭის ნათლია გახლავთ. მადონა დასავით მყავდა. მის მშობლებსაც კარგად ვიცნობ. არ ვიცი, როგორ ვანუგეშო. მადონა და მამუკა თანატოლები იყვნენ, ბაღიდან ერთად მოდიოდნენ, სკოლის დამთავრების შემდეგ იქორწინეს. მამუკა მუშაობდა, მადონა შინ იყო და შვილებზე ზრუნავდა. ივერთუბანში მიწა იყიდეს სახლის ასაშენებლად. მადონა სიცოცხლით სავსე ქალი იყო, სულ ბედნიერებას ასხივებდა. შაბათ-კვირას სოფელში დადიოდნენ. გიორგობის წინა დღესაც წავიდნენ. დმანისში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად იყვნენ, იქ ცხვარი დაუკლავთ. გიორგობის ღამეს, დაახლოებით 10 საათზე წამოსულან თბილისში. მამუკა ნასვამი ყოფილა, ამიტომ საჭესთან მადონა იჯდა. მანქანას კარგად მართავდა. სიჩქარე არ უყვარდა. რა მოხდა, არავინ იცის. სოფელ ცურტავთან ჩემი თვალით ვნახე ავარიის ადგილი, სისხლი გამეყინა. მანქანაში ოთხი დანახშირებული ცხედარი ესვენა. ოთხი სასახლე გამოასვენეს, ეს საშინელი წუთები არასოდეს დამავიწყდება. ტრაგედიის ადგილას უპოვიათ მარიამის საღებავებით სავსე პატარა ჩანთა. ჩვენი პრანჭიკელა მარიამი და მერაბი ყველას უყვარდა.
ირინა მახაური, მარიამის კლასის დამრიგებელი: “მარიამი საოცარი ბავშვი იყო, პირველი კლასიდან მისი პედაგოგი ვარ და მისთვის შენიშვნა არასოდეს მიმიცია. თბილი, მოსიყვარულე, მორიდებული, ულამაზესი გოგონა იყო. ძალიან რთულია ჩემთვის გაკვეთილების ჩატარება უმისოდ. ბავშვებსაც უჭირთ”.
მარიამის მერხზე არავინ ზის. კლასელებს ნაწერები მიუკრავთ:
“მომენატრები, მარი, ძალიან, ძალიან”;
“მარი, როგორა ხარ, გახსოვს, ნიკა სირბილაძეს სოკოსავით სათამაშო რომ ჰქონდა და ჩვენ რომ დავდევდით”;
“მარი, ძალიან მომენატრე, აღარ შემიძლია, შენს სიკვდილს არ ველოდი, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი”.
“გახსოვს, პატარები რომ ვიყავით და ბაღში ერთად დავდიოდით მე, შენ, ნიკა, მარიამი. ოთხივე რომ ვმღეროდით, მერე სკოლაშიც ერთად მოვედით. მაშინ თქვი, ახლიდან დავიბადეთო. მიყვარხარ, მარი”;
“მარი, ნეტავ გიკეთია ჩემი ნაჩუქარი ჰელოუ კიტის ყელსაბამი? მიყვარხარ”.
შორენა ბერაძე, მარიამის თანაკლასელის დე და:
“ბაღიდან, 3 წლის ასაკიდან ერთად მოდიან ჩვენი შვილები. მარიამზე ბიჭები შეყვარებულები იყვნენ, ისეთი პრანჭიკელა და ლამაზი იყო. ტრაგედიის ადგილი რომ ვნახე, გავვოგნდი. თითქოს ხაფანგი დაუგო ეშმაკმა. ისეთ ადგილას არის მომხდარი ავარია, ვერ აიცილებდნენ უბედურებას”.
მარიამის საკლასო ოთახიდან გულდამძიმებული გამოვედი და მეოთხე სართულზე ავედი, რომ მერაბის პედაგოგებიც მენახა. მერაბი მეშვიდე კლასში სწავლობდა.
საკლასო ოთახში მისი კლასის დამრიგებელი, ლაურა გურასპაშვილი დამხვდა:
“მერაბი პირველ მერხზე იჯდა, რადგან სუსტი მხედველობა ჰქონდა. წყნარი ბავშვი იყო, კარგად სწავლობდა. ძალიან უყვარდათ ბავშვებს. ისე განიცდიან, ვერ გავბედეთ დაკრძალვაზე მათი წაყვანა. ეს დიდი სტრესი იქნებოდა და გადავწყვიტეთ, ისეთი დამახსოვრებოდათ, როგორიც იყო ჩვენი მერაბი”.
მერხზე, სადაც მერაბი იჯდა, ხატები, სანთელი, ჯვარი, საკმეველი და სკვნილი ეწყო. მერაბის კლასელი ირაკლი სტიქაროსანია, მას და მერაბს ერთი მოძღვარი ჰყავდათ: “პარასკევს მერაბმა მითხრა, მინდა მეც მქონდეს სკვნილი და სულ ვილოცოო. დავპირდი, ორშაბათს მოგიტან-მეთქი, მაგრამ ეს საშინელება მოხდა. სკვნილი მაინც მოვიტანე და მის მერხზე დავდე”, – მითხრა ირაკლიმ და ჩანთიდან ამოიღო საგულდაგულოდ შენახული მერაბის ნაწერი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ იპოვა. “მისი ნაწერია, ნახეთ”, – და მომაწოდა. მერაბს ფურცელზე თავისი სახელი დაეწერა. ბიჭმა ფურცელი სათუთად დაკეცა, ჩანთაში შეინახა და თვალცრემლიანმა მითხრა, გული მტკივა, სკვნილის მიცემა რომ ვერ მოვასწარიო.

წყარო: „კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები