რუსეთის გინება მესმის იმ ხალხისგან, რომელსაც მის წინაშე ორივე ხელი და ორივე ფეხი აწეული აქვს – ვაჟა ლორთქიფანიძე
საქართველოს სახელმწიფო ყოფილი მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე ხელისუფლებას რუსეთთან აქტიური დიალოგისკენ მოუწოდებს. როგორც ვაჟა ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, საქართველო კავკასიის გასაღებია. მისი თქმით, რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი კარიბჭე – აფხაზეთი. „საჭიროა, რუსეთთან ძალიან აქტიური დიალოგი. აქვე ხაზგასმით ვაცხადებ – რუსეთთან დიალოგში არანაირად არ ვგულისხმობ მასთან ენის მოჩლექვით საუბარს, რამის დათმობას და, როგორც ახლა ხშირად ამბობენ, დათვისათვის ბაბაიას დაძახებას! და კიდევ, დღეს საქართველოში რუსეთის ლანძღვა-გინება მესმის იმ ხალხისაგან, რომელსაც დიდი ხანია, რუსეთის წინაშე ორივე ხელი და ორივე ფეხი აწეული აქვს“, – აცხადებს ვაჟა ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ვაჟა ლორთქიფანიძე ამაში არა მარტო სააკაშვილს გულისხმობს, არამედ ძალიან ბევრს. „არა მარტო სააკაშვილს ვგულისხმობ, არამედ ძალიან ბევრს. კიდევ ვიმეორებ – რუსეთთან დიალოგი არ ნიშნავს რამის დათმობას, ეს ნიშნავს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის ძალიან პრინციპულ განხილვას!“ – ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.