მინდია ჯანელიძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

 

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
მინდია ჯანელიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ლევენთ გურმუქჩუსს უმასპინძლა. ელჩთან ერთად თავდაცვის უწყებაში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯევდეთ იაშარიც იმყოფებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ვიზიტზეც იმსჯელეს. მინდია ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი 2015 წელს განხორციელდება.
„შედგა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან და თურქეთის სამხედრო ატაშესთან. საუბარი შეეხო მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, სამომავლო გეგმებს. თურქეთი არის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თურქეთი აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს ნატოს მიერ შემოთავაზებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. თანამშრომლობა თურქეთთან გაღრმავდება, უფრო ინტენსიური გახდება და ეს იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების მიზნებისთვის გამოყენებული“, -განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ლევენთ გურმუქჩუსმა საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ყველა დონეზე, მათ შორის, თავდაცვის სფეროში, წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ორმხრივი ინტერესი, კიდევ უფრო გავაღრმავოთ, გავაძლიეროთ და მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ, სამმხრივ ფორმატშიც – თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. გარდა ამისა, ჩვენი ურთიერთობები მოიცავს საერთაშორისო სფეროსაც, განსაკუთრებით კი თანამშრომლობას ნატოს ფარგლებში. თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძლიერი და ერთგული მხარდამჭერია. ნატოს უელსის სამიტამდეც მხარს ვუჭერდით საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას და ეს მომავალშიც გაგრძელდება. დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი მზადყოფნა, გავაგრძელოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საერთაშორისო ოპერაციებში ავღანეთში“, – განაცხადა თურქმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები