სოზარ სუბარი: როგორც ჩანს, პროკურატურა პოლიტიკოსებს არაფერს ეკითხება
ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი არ იზიარებს.
როგორც სუბარი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, სასჯელაღსრულების უწეყბაში მისი მინისტრობის პერიოდში, მაშინ, როცა თავად საქართველოში არ იმყოფებოდა, არაერთი პირი დაუკავებიათ. “ჩემს ყოფილ სამინისტროში, სასჯელაღსრულების უწყებაშიც არაერთი პირი დაუკავებიათ, თუნდაც ჩემი საქართველოში არ ყოფნის დროს და ეს დევნად ჩავთვალო? თუ მინისტრის მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს მოხდა ასეთი რამ, ამით ზიანი მიადგა მოქმედი ხელისუფლების იმიჯს, ეს ძალიან ცუდია, თუმცა ეს ფაქტი მკაფიოდ მეტყველებს ერთ რამეზე, რომ პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო. ფაქტია ის არ ითვალისწინებს პოლიტიკოსების შეხედულებებს, თორემ მათთვის, რომ ეკითხათ, სავარაუდოდ, ეტყოდნენ ამას, ახლა ნუ გააკეთებთო. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვეტყოდი. როგორც ჩანს, პროკურატურა პოლიტიკოსებს არაფერს ეკითხება – აღმოაჩინა დანაშაული და დაიწყო გამოძიება, მივიდა ლოგიკურ ფინიშამდე და დააკავა ადამიანები. ასე რომ, ირაკლი ალასანიას განცხადებას ვერ გავიზიარებ“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.