სამხედრო მზვერავები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ
23 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მზვერავებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა.
გენერალ-მაიორმა სამი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა. მედალი „გენერალი კვინიტაძე“ 7-მა სამხედრო მოსამსახურემ საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის მიიღო. 18 სამხედრო მოსამსახურეს მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის გადაეცა. 33 სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის მადლობა გამოეცხადა.
სამხედრო დაზვერვის შემადგენლობა სხვა სამანევრო ქვედანაყოფებთან ერთად აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიებში, ასევე, თანამშრომლობს, ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან ერთად, რეგიონალურ და საერთაშორისო სტაბილურობის გამყარების სფეროში.