მიხეილ სააკაშვილი: როგორც არასდროს, საქართველოში დღეს ძლიერია „მეხუთე კოლონა“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 15 ნოემბრის აქციას გამოეხმაურა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ეს ქვეყნის გადარჩენისთვის გამართული აქციაა და მასში მონაწილეობა აუცილებელია.
„მე მახსენდება, რომ 2008 წლის 1 სექტემბერს მილიონმა ქართველმა ჩაჰკიდა ერთმანეთს ხელი და დადგა ჯაჭვში. მაშინ პუტინი არ აპირებდა საქართველოს დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიიდან [ჯარის] გაყვანას. თქვენ გახსოვთ, თითქმის ნახევარი საქართველო ჰქონდა ოკუპირებული და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გაიყვანა ჯარი, ჩემი აზრით, იყო ის, რომ საქართველოში ვერ იპოვა „მეხუთე კოლონა“, მილიონი ქართველი ჩადგა ჯაჭვში და მიხვდა, რომ იმ ტერიტორიაზე, ყოველ შემთხვევაში ამ ჩვენი ორი ძირძველი მიწის იქით, მას იმ მომენტში აღარ დაედგომებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მისი თქმით, დღეს პუტინს აქვს სხვა შთაბეჭდილება და მსოფლიოსაც აქვს სხვა შთაბეჭდილება საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე. „დღეს როგორც არასდროს ძლიერია „მეხუთე კოლონა“, 2008-ში არ იყო, დღეს არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მზად არიან, რომ მას უცეკვონ და უმღერონ. პუტინმა ნოღაიდელთან შეხვედრის შემდეგ თავის უშიშროების საბჭოზე თქვა, რომ ქართველებს დიდხანს კონცენტრირება არაფერში არ შეუძლიათ. დღეს მას ჰგონია, რომ საქართველოს საბოლოოდ დაკარგული აქვს სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი და ეს არის ძალიან ადვილი ლუკმა. დამპყრობლის ამ ილუზიის გასაფანტად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამოიღოს ხმა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.