პრობლემური მშენებლობების შემსწავლელმა კომისიამ დიღმის ტყე-პარკის შესახებ იმსჯელა
თბილისის მერიაში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული აქტების სამართლებრივი ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის“ პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერიის ცნობით, კომისიამ დიღმის ტყე-პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის დაბრუნების შესახებ იმსჯელა. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია მომავალ სხდომაზე მიიღებს. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, არ დააზარალებს კერძო სექტორს და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის კომისიის მუშაობის ფორმატი მისაღებია. კოჟორიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული აქტების სამართლებრივი ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისია 5 ნოემბერს თბილისის მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. კომისიას თბილისის მერი, დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი, შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, ეკონომიკის სამინისტროსა და საკრებულოს წევრები შედიან. კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.