ნარმანიას გადაწყვეტილებით „ვარდების მოედანზე“ საბაგირო გზის მშენებლობა დაკონსერვდა
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია არქიტექტორების მიერ მომზადებულ პეტიციას პასუხობს, რომელიც “ვარდების მოედანზე“ საბაგირო სადგურის მშენებლობის საკითხს უკავშირდება. ნარმანიას თქმით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე საბაგირო სადგურის მშენებლობა შეჩერდება.
თბილისის მერის განმარტებით, როდესაც მან მერის მოვალეობის შესრულება დაიწყო, თბილისის მერიაში უკვე შესული იყო არქიტექტორების მიმართვა, სადაც თბილისის საბაგირო სადგურის ძველ ტერიტორიაზე გადატანას ითხოვდნენ.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დედაქალაქის ახალმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა.
„ამჟამად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: პირველი – „ვარდების მოედანზე“ უკვე დაგეგმილი მშენებლობის შემთხვევაში, როგორი ტიპის პროექტი შეიძლება იყოს შესაბამისი. ამისათვის ჩვენ ღია არქიტექტურული კონკურსი გამოვაცხადეთ და ვნახავთ, რა ტიპის პროექტები შემოვა. მეორე – მიმდინარეობს შესწავლა, რა დაჯდება ძველი სადგურის ტერიტორიის კეთილმოწყობა და იქიდან საბაგიროს გაშვების შემთხვევაში, დამატებით რამდენი მილიონი ლარის მობილიზება გახდება საჭირო. ასეთ შემთხვევაში პროექტი და უკვე დამზადებული მანქანა-მოწყობილობები, რომელიც ნაყიდი დაგვხვდა, გადასაკეთებელი იქნება. გარდა ამისა, ძველი სადგურის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რაც, ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღებისას პასუხისმგებლობას გვიორმაგებს, რათა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურული ობიექტი არ დაზიანდეს. ამასთან, პირადად ჩემი გადაწყვეტილებით, ვარდების მოედანზე მშენებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაკონსერვდა და იქ არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს”,- განაცხადა ნარამანიამ. შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის ქვედა სადგურის მშენებლობის გამო, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და მხატვრების ჯგუფმა პეტიცია მოამზადა. მათი განცხადებით, „ვარდების მოედანი“ ამ პროექტისთვის შეუფერებელი ადგილია.