მამა გაბრიელის და: საფლავი იმ ადგილას უნდა დარჩენილიყო, სადაც ადრე იყო!
მამა გაბრიელის და გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ აცხადებს, რომ მამა გაბრიელის საფლავი იქ უნდა დარჩენილიყო, სადაც ადრე იყო. როგორც ემა ურგებაძე აღნიშნავს, მამა გაბრიელს არ დაუბარებია თავისი ნეშტის ამოსვენება და ნანა დედოფლისა და მირიან მეფის ეკლესიაში დასვენება.
„არ შემიძლია ჩემი გულისტკივილი არ გაგიმხილოთ, ვგულისხმობ საფლავიდან მამა გაბრიელის ნეშტის ამოსვენებას. მან ზუსტად იცოდა, როდის გარდაიცვლებოდა – რაც იწინასწარმეტყველა, ზუსტად ისევე ახდა. ადგილი, სადაც დაიკრძალა, ესეც მისი შერჩეულია – სწორედ იქ უნდოდა, სამუდამო განსასვენებელი ჰქონოდა, მას არ დაუბარებია თავისი ნეშტის ამოსვენება და ნანა დედოფლისა და მირიან მეფის ეკლესიაში დასვენება. მამა გაბრიელის საფლავი იმ ადგილას უნდა დარჩენილიყო, სადაც ადრე იყო! მხოლოდ ენახათ, სხეული უხრწნელი დარჩა თუ არა. მამა გაბრიელის საფლავის მიწას დიდი მადლი ჰქონდა, ათასობით მორწმუნე იმედით მიდიოდა. თუ მაინცდამაინც ეკლესიაში უნდოდათ მისი დასვენება, იქვე აეშენებინათ პატარა ეკლესია, სადაც მისი საფლავი იყო. გული მტკივა, ის ბროწეულის ხეც კი მოთხარეს, რომელიც ჩვენი ეზოდან წავიღე და მის საფლავთან დავრგე, ვარდიც და ვაზებიც“, – აცხადებს ემა ურგებაძე.
მამა გაბრიელის და ინტერვიუში აცხადებს, რომ მან არც იცის დედა პარასკევას ადგილსამყოფელი.
„ახლა აღარც მამა გაბრიელის საფლავია, აღარც ის ვიცი, სად არის დედა პარასკევა… ვისაც ეს ეხება, მათ ვთხოვ, დააბრუნონ! იმ წლებში ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც მამა გაბრიელის ბოლომდე სჯეროდა, რომელმაც ბოლომდე უერთგულა“, – აცხადებს ემა ურგებაძე.