თენგიზ შარმანაშვილი: PACE-ს რეზოლუცია აბსურდულად ყალბ ინფორმაციაზეა დაფუძნებული

“PACE-ს რეზოლუცია აბსურდულად ყალბ ინფორმაციაზეა დაფუძნებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა PACE-ს რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, იმ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, რომელიც არ არის განწყობილი, რომ თავისი დასკვნები ობიექტურ ინფორმაციაზე დააფუძნოს, ურთიერთობა არ ღირს.

„ეს რეზოლუცია აბსურდულად ყალბ ინფორმაციაზეა დაფუძნებული – PACE-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია, რადგან ისინი ამას პირველად არ აკეთებენ. ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ, უკვე კარგა ხანია, ამ ღონისძიებებში. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, რომელიც არ არის განწყობილი ობიექტურ ინფორმაციაზე დააფუძნოს თავისი დასკვნები, ურთიერთობა არ ღირს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. ასევე, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები