ზვიად შალამბერიძე: თუ ვინმეს შეუძლია 26 მაისს სიტუაცია არიოს და პროვოკაციები მოაწყოს, ეს არის სწორედ ოპოზიცია
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე „დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
„თუ ვინმეს შეუძლია 26 მაისს სიტუაცია არიოს და პროვოკაციები მოაწყოს, ეს არის სწორედ ოპოზიცია და ეს არაერთხელ გვინახავს ჩვენ მათ შეკრებებზე. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ 4 ოქტომბერს, როდესაც „მშვიდობიანი” გადატრიალება მოინდომეს, თუ როგორი მშვიდობიანი გამოუვიდათ. ძალიან კარგად დავინახეთ, რომ არცერთი გადაცდომა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და რა თქმა უნდა, პროვოკაციაც იქ არ ყოფილა. თუ ვინმეს მხრიდან იყო პროვოკაცია, ეს იყვნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც შესაბამისად ახლა სასჯელს იხდიან და ის ჯგუფი, რომელსაც უნდოდა ზოგადად გადატრიალება და საქართველოს მთავრობის დამხობა. ყველამ საკადრისი სამართლებრივი პასუხი მიიღო. თუ ვინმე შეეცდება პროვოკაციას, ეს არ იქნება მთავრობის მხარე და თუ საიდანმე პროვოკაცია წამოვა, ეს იქნება ისევ და ისევ ოპოზიცია, რაზეც კიდევე ერთხელ ვამბობ, რომ სამართალდამცავი ორგანოებიდან, კანონის ფარგლებში მიიღებენ შესაბამის პასუხს. იმედი მაქვს, აქამდე არ და ვერ მივლენ იმიტომ, რომ მათ არც რაოდენობა ეყოლებათ ადამიანების, რომლებიც მისცემენ ამის გაკეთების საშუალებას. ზოგადად, მთავრობა მშვიდობიანი აქციის ჩატარების წინააღმდეგი არასდროს იქნება, ოღონდ კანონმდებლობის ფარგლებში“, – აღნიშნა შალამბერიძემ.