ზამურ ჭითანავა ბოლნისელი მხატვრის, ნოდარ გოგებაშვილის პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად ბოლნისის მუზეუმში ბოლნისელი მხატვრის, ნოდარ გოგებაშვილის, პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული ტილოები, თიხაში, ქვასა და ხეში შესრულებული ნიმუშები.
“ნოდარ გოგებაშვილი 2010 წლიდან დღემდე ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულ სახელოვნებო სტუდია „ოპიზარის“ ხელმძღვანელია, მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში. მხატვარს 1986 წელს – საქართველოს სახალხო ოსტატის წოდება, ხოლო 2022 წელს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
ნოდარ გოგებაშვილის გამოფენის გახსნას მერთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგი გასვიანი, ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ასათიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენის ნახვას დამთვალიერებელი 20 მაისამდე უფასოდ შეძლებს,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.