მარიამ ქვრივიშვილმა თურქმენეთის ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების, ასევე შუა დერეფნის მარშრუტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შედგა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების, ასევე შუა დერეფნის მარშრუტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.
„ჩვენ საკმაოდ ამომწურავად ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ორ ქვეყანას აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა თურქმენეთიდან ინვესტიციების ზრდის პოტენციალზე, განსაკუთრებით საწარმოო მიმართულებით. პრეზიდენტთან შეხვედრისას ასევე ვრცლად ვისაუბრეთ იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს უშუალოდ შუა დერეფნის კონტექსტში – თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტვირთბრუნვა. თურქმენეთი ჩვენი გამორჩეული პარტნიორია ტვირთნაკადების თვალსაზრისით და ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას და როლს, როგორც დამაკავშირებელი რგოლის, მათ შორის თურქმენეთიდან წამოსული ტვირთების საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებისა და განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართულებით ტრანზიტის კუთხით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სექტორული კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პოტენციალზე, მათ შორის – ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების და პირდაპირი ფრენების პოტენციური დანიშვნის თაობაზე. „ასევე ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო თანამშრომლობაზე და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი აქტივობების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს დელეგაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმღვანელობით თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი ასევე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით მინისტრ ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა.
„ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას აქვს ვაჭრობის, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, პირდაპირი ფრენების, ენერგეტიკის და სხვა არაერთი მიმართულებით”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.