ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის საკრებულო ავრცელებს.
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს ბესიკ ტეფნაძეს შეხვდა.
სამუშაო ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სოციალური სერვისების ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროგრამების შესრულების პროცესი და მუნიციპალიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი მიმდინარეობს. შეხვედრაზე მხარეებმა ერთიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და ის დეტალები განიხილეს, რაც პროცესის შეუფერხებლად და ობიექტურად წარმართვას უზრუნველყოფს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი იროდი უგრეხელიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ციცინო მუშკუდიანი”,- წერია ინფორმაციაში.