ნოდარ ბოკერია: „ჩვენი გუნდი არის სწორ მხარეს და თანმიმდევრული ნაბიჯებით საქართველო აუცილებლად გაძლიერდება, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე“
თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის ბრალდებას უპასუხა, თითქოს საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, დღევანდელ მსოფლიო საერთაშორისო წესრიგში ქვეყნის სიძლიერე არ განისაზღვრება არც ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებებით და არც ჯარის სიმრავლით, არამედ იმით, თუ რამდენად შეუძლია ერთ კონკრეტულ ქვეყანას თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც მსოფლიო საერთაშორისო მშვიდობაში, ასევე გეოეკონომიკური მარშრუტების სტაბილურობაში. საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ამ მხრივ საქართველო არის შეუცვლელი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რადგან იგი შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალურ აზიას ევროპულ ბაზართან აკავშირებს. ნოდარ ბოკერიას თქმით, შუა დერეფანი მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის გზა ფაქტობრივად ჩაიკეტა, ერთადერთ ალტერნატივად ჩამოყალიბდა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის განმარტებით, შუა დერეფნის სატრანზიტო როლის ზრდა ავტომატურად გამოიწვევს, როგორც საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ამაღლებას, ასევე ეკონომიკურ წინსვლას.
„ამ ტენდენციას ჩვენ რეალურად უკვე ვხედავთ. მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანო, თუ 2020 წელს ტვირთბრუნვამ ამ ტრანზიტულ მარშრუტზე 0,6 მილიონი ტონა შეადგინა, ანალოგიური მაჩვენებელი 2025 წელს 2-3 მილიონი ტონა იყო, ხოლო მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2030 წელს ეს მაჩვენებელი 10-11 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რომ არა ჩვენი მთავრობის კონსტრუქციული და ლოგიკური მუშაობა აღნიშნულ საკითხზე. გაზრდილმა ეკონომიკამ ჩვენ გუნდს მისცა საშუალება, რომ უფრო მეტი ინვესტიცია მიემართა ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკაზე. განეახლებინა მაგისტრალები, რაც რაღა თქმა უნდა, ავტომატურად აყალიბებს საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს და ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებითაც კონსტრუქციული და ლოგიკური სამუშაოები ტარდება. მისივე თქმით, უკვე არის პარტნიორი, რომელიც ტექნიკურ სამუშაოებზეა პასუხისმგებელი და სამუშაოების პირველი ფაზა 2029 წელს დასრულდება. ნოდარ ბოკერიას განცხადებით, ეს რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკას თვისობრივად აამაღლებს და ასევე შუა დერეფნის ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.
„ამ სტატისტიკებიდან ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს როლი არის შეუცვლელი და როგორც არ უნდა ირბინონ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა უცხოეთში თავის პატრონებთან, ამ როლს ისინი ვერ გააქრობენ. ჩვენი გუნდი არის სწორ მხარეს და თანმიმდევრული ნაბიჯებით საქართველო აუცილებლად გაძლიერდება, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე“- განაცხადა ნოდარ ბოკერიამ.