საქართველოს პრეზიდენტი ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პატრიარქის პანაშვიდს ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლები.

„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო.

ილია II საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები