დიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს, ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო 

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. დეპუტატი უსამძიმრებს თითოეულ ქართველს და წერს, რომ ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია:

„განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ხუნდაძე იხსენებს ილია მეორის განუზომელ ღვაწლს ერისა და ეკლესიის წინაშე.

„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ თითოეულ ქართველს და მთლიანად ჩვენს სამშობლოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის – ილია მეორის გარდაცვალებას.

თითქმის ნახევარი საუკუნე უწინამძღვრა ერის სულიერ გზას საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, ურთულესი გზა გაიარა და ალბათ ბევრისთვის შეუძლებელიც.

ჩვენმა უწმინდესმა შეძლო, სარწმუნოებრივად ყველაზე რთულ პერიოდში, ქართული ეკლესია ეპარქიების დონეზე, მთელ საქართველოში ჩამოეყალიბებინა, რწმენა გაეძლიერებინა ერშიც და ბერშიც და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალია მოეპოვებინა.

განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. რთულ ვითარებაში, მის გონიერ გადაწყვეტილებას ხშირად მოუტანია საზოგადოებრივი სიმშვიდე ქვეყანაში. ის მსოფლიო მნიშვნელობის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი იყო, რისი აღიარების შემსწრე არაერთხელ ვყოფილვართ. მსოფლიო მასშტაბით იშვიათია ქვეყნები, რომლებსაც ისეთი ავტორიტეტის მქონე პატრიარქი ჰყოლოდა, როგორიც საქართველოს. ის ჩვენი ქვეყნის ღირსება იყო” – წერს დიმიტრი ხუნდაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები