ონის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა
ონის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა.
ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მერმა მოვაჭრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალი ბაზრის შესახებ, გააცნო სამომავლო საქმიანობის პირობები და ოფიციალურად დააანონსა ახალ შენობაში გადასვლა.
“ახალი აგრარული ბაზარი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. პროექტის მიზანია შექმნას მოწესრიგებული, ჰიგიენური და კომფორტული გარემო როგორც მოვაჭრეებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ განახლებული ობიექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს სავაჭრო სფეროს სხვადასხვა მიმართულებას. ეს მასშტაბური პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას, ეკონომიკურ აქტივობას და შექმნის ერთიან, მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს ონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.